ნეანდერტალელებისა და ადრეული ადამიანების შეჯვარების დამამტკიცებელი საბუთი 2010 წელს, მეცნიერმა სვანტე ფებომ წარადგინა. მან ნეანდერტალელთა ძვლებისგან გამოყოფილი დნმ გაანალიზა და მათი გენომის დეტალური რუკა შეადგინა.

ახლა კი ეს მეთოდი მკვლევართა გუნდმა გამოიყენა, რათა ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან, რომლებიც ნეანდერტალელთა დნმ-ს შეიცავს, მინიატურული ტვინი შეექმნა. მათ იმედი აქვთ, რომ ამ ხერხით ნეანდერტალელთა და თანამედროვე ადამიანთა შორის არსებულ კავშირზე მეტის გაგებას შეძლებენ.

კვლევის ავტორმა გრეისონ კემპმა განაცხადა, რომ აღნიშნული კვლევა, შესაძლოა, ნეანდერტალელთა და ადრეულ ადამიანებს შორის არსებულ კოგნიტურ თუ სხვა განსხვავებების გააზრებაში დაგვეხმაროს.

მკვლევართა თქმით, მათ კვლევისთვის ღეროვანი უჯრედების ბიობანკი გამოიყენეს, სადაც ძირითადად ბრიტანული და ჩრდილოეთ ევროპული წარმომავლობის უჯრედები ინახება — ამ მოსახლეობებში ნეანდერტალელთა გენების არსებობის შანსი ბევრად მაღალია.

"ჩვენ თითოეული ინდივიდის გენომი გავაანალიზეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ყოველ მათგანს გენომის 1%-დან 4%-მდე ნაწილი ნეანდერტალელებისგან აქვს მიღებული", — განაცხადა კემპმა, —"ხოლო თუკი 200 ინდივიდის გენომს გააანალიზებთ, ნეანდერტალელთა გენების 20%-ს აღადგენთ. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში წარმოდგენილი ნეანდერტალელთა გენების უმეტესობა სწორედ ღეროვანი უჯრედების ამ წყაროს აქვს".

შემდეგ გუნდმა ტვინის ქსოვილის 3D გამოსახულება შექმნა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე მილიმეტრი სიგანისაა. ორგანოიდებს სხეულის გარეთ, უსაფრთხო გარემოში სპეციფიკური მედიკამენტების შესამოწმებლად გამოიყენებენ.

ფოტო: Grayson Camp

"მკვლევრებს ადამიანის უჯრედებისგან ორგანოიდები აქამდეც შეუქმნიათ, თუმცა ეს არისი პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ ნეანდერტალელთა გენების გამოყენებით მოხდა", — აცხადებს კემპი.

სამომავლოდ, მსგავსი მეთოდით სხეულის სხვადასხვა ნაწილის ქსოვილის შესწავლაა შესაძლებელი. მაგალითად, ღეროვან უჯრედებში არსებული ნეანდერტალელთა გენები, რომლებიც თმისა და კანის ფერთან არის დაკავშირებული, ამ მახასიათებლების შესწავლაში დაგვეხმარება.

ასევე, შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ორგანოიდების შექმნა, რათა დავაკვირდეთ, თუ როგორ ამუშავენებნ ფერმენტები საკვებს, რაც, თავის მხრივ, ნეანდერტალელთა რაციონის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას.

"ამ ექსპერიმენტების სათანადოდ ჩატარება საკმაოდ რთულია, რადგან დიდ, არსებით განსხვავებებს არ უნდა ელოდო იქიდან გამომდინარე, რომ ნეანდერტალელები ადრეულ ადამიანებს ძალიან ჰგავდნენ", — განმარტავს კემპი.

კვლევა 18 ივნისს ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.