ევროპული საქართველო ოპოზიციურ ფორმატს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოთხ კანდიდატს სთავაზობს. მათ შორის არიან როგორც ამ პარტიის, ისე სხვა პარტიების წარმომადგენლები.

შეთავაზება ასეთია:

  • ვაკე — ელენე ხოშტარია;
  • მთაწმინდა — შალვა შავგულიძე;
  • ისანი — გიორგი ვაშაძე;
  • ნაძალადევი — შალვა ნათელაშვილი.

დავით ბაქრაძის თქმით, ევროპულ საქართველოს ყველა ამ პარტიასთან და გირჩთან ჰქონდა კონსულტაციები, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის და საბოლოოდ ოპოზიციურმა ერთობამ უნდა განიხილოს. ეს ევროპული საქართველოს შეთავაზებაა.

რაც შეეხება კიდევ ოთხ ოლქს, ბაქრაძის თქმით, ორთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ აქ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი იყოს და არაა აუცილებელი, პოლიტიკოსები იყვნენ. კიდევ ორ ოლქზე კი საკუთარ კანდიდატურებს ნაციონალური მოძრაობა დღეს წარადგენს. ცნობილია ის, რომ ნიკა მელია გლდანში იყრის კენჭს.

"რატომ 4 კანდიდატი და არა 6 — რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, რომ ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილისში, რომ გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა ქართული ოცნების დასამარცხებლად. ამიტომ ორი ადგილი დარჩა ღია ამ ეტაპზე შეგნებულად, სპეციალური განზრახვით და ეს საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ კონსულტაციები როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათი ჩართვის მიზნით, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივად ცნობად სახეებთან, არაპოლიტიკურ ფიგურებთან, იმისთვის, რომ შეიქმნას საზოაგდოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა და ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი სურათი და არამხოლოდ პოლიტიკური სურათი თბილისის არჩევნებში", — თქვა ბაქრაძემ.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ლეიბორისტული პარტიის ოფისში უკვე შეიკრიბნენ. დღეს მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ თბილისის მაჟორიტარებია.