ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს 29 წლის ქართველ ილუსტრატორ მაშო მარგიშვილს, რომელიც თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას Skillshare-დან უფასოდ უზიარებდა.

სულ ცოტა ხნის წინ, მაშო Skillshare-ის TOP მასწავლებლებს შორის მოხვდა. მოწინავე მასწავლებლები პლატფორმის მასწავლებლის 1%-ს შეადგენენ.

როგორც მაშომ On.ge-ს უთხრა, მას Skillshare-ის მენტორი გაბრიელა გულარტი დაუკავშირდა და Top მასწავლებლობა შესთავაზა, რადგან კვალიფიკაციას უკვე აკმაყოფილებდა:

"მომახარა და მკითხა, რომ თუკი თანახმა ვიქნებოდი, სხვა თანამშრომელს დამაკავშირებდნენ და ის ამიხსნიდა ყველაფერს დეტალურად. სწორედ ჩემ ახალ მენტორთან ონლაინ ზარის შემდეგ მომენიჭა ახალი badge და სხვა ტოპ მასწავლებლების გაცნობის საშუალებაც მომეცა".

მაშო ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც პლატფორმაზე გაკვეთილების ყურება დაიწყო, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე იქ საკუთარ გაკვეთილებს განათავსებდა ან Top მასწავლებელი გახდებოდა.

როგორც ხელოვანი ამბობს, Skillshare სანამ გაღიარებს, უამრავ დეტალს ითვალისწინებს. მათ შორისაა მოსწავლეების აქტიურობა, მათ მიერ ნანახი წუთების რაოდენობა, მასწავლებლის ჩართულობა, ვიდეოსა და კურსის ხარისხი და ა.შ.:

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ორივე ვიდეო Skillshare-ის თანამშრომლების რჩეული გახდა და სტუდენტებიც საკმაოდ ჩაერთნენ, გადაწყვიტეს, რომ ტოპ მასწავლებლობის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ".

მაშოს ამ დროისთვის პლატფორმაზე ორი სალექციო კურსი აქვს:

  1. პერსონაჟის ილუსტრაცია;
  2. სამყაროს აღმოჩენა და მისი რუკის ილუსტრაცია.

ამ დროისთვის მაშოს პირველ კურსს 3000-მდე სტუდენტი ჰყავს. ვინც Skillshare-ზე აქამდე არ გაწევრიანებულა, შეუძლია მაშოს ლექციის ლინკით დარეგისტრირდეს და ორი თვე უფასო პრემიუმი მიიღოს.

Skillshare ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს, ძირითადად, ხელოვნების მიმართულების მოკლე გაკვეთილებს სთავაზობს. ამ პლატფორმაზე გაკვეთილების ნაწილი უფასოა, ნაწილი კი — ყოველთვიური პრემიუმის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი.