სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილი ყოფნას მათ გვერდით ისურვებდა. ამ თემაზე კითხვას მან TV პირველის ეთერში უპასუხა.

"ვისურვებდი გულახდილად რომ გითხრათ, მაგრამ რა იქნება ვნახოთ, მოლაპარაკებები არ გვაქვს, უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვიყავი, ვარ და მას დაუნდობლად ვაკრიტიკებდი ერთ-ერთი კი არა, საუკეთესო პრემიერმინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე იყო და ღირსეული ადამიანი", — თქვა ალეკო ელისაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მათ მემორანდუმს ხელი დღეს, 18 ივნისს მოაწერეს. ისინი საერთო პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.

გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების პრემიერმინისტრი იყო 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით. კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მალევე მას შემდეგ გადადგა, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მისი წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მმართველი გუნდი მოსახლეობაში ჭარბვალიანობასა და ეკონომიკურ რეფორმების არაეფექტურობას ასახელებდა. თავად კვირიკაშვილმა კი თანამდებობის დატოვებისას ხმამაღლა განაცხადა გუნდში არსებულ დაპირისპირებასა და შეუთანხმებლობაზე. იქამდე კი თავისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ცნობები რამდენჯერმე უარყო.