შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე გორში 19 წლის პირი დააკავეს.

"ბრალდებული სოციალური ქსელ ფეისბუქის დახმარებით, 2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს დაუკავშირდა, რომელსაც სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა. მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ. მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა", — წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.