რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა ანტარქტიდაზე ფეხბურთის ბურთის ზომის — 28 სანტიმეტრი სიგრძისა და 18 სანტიმეტრი სიგანის ნამარხი იპოვეს, რომელიც აქამდე ჩილეში მდებარე მუზეუმში ინახებოდა. ახლახან კი ახალი კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მკვლევრებმა მისი გაანალიზება მოახერხეს.

როგორც აღმოჩნდა, ნამარხი რბილგარსიანი კვერცხია, თანაც ყველაზე დიდი, რაც აქამდე უპოვიათ. იგი 68 მილიონი წლის წინ, დიდი ალბათობით გადაშენებულმა ზღვის გველმა ან ხვლიკმა დადო.

კვლევის ავტორის, ლუკას ლაგენდრას თქმით, აღმოჩენამ, შესაძლოა, იდროინდელი წყლის არსებების ცხოვრების შესახებ არსებული მოსაზრებები საბოლოოდ შეცვალოს.

"კვერცხის ნამარხის პოვნა, რომელიც ასე კარგადაა შემონახული, ძალიან იშვიათია. იგი ჯერჯერობით ყველაზე დიდი კვერცხია მათ შორის, რომლებიც აქამდე აღმოჩენილა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამ კვერცხებს მსგავსი მასშტაბებისთვის მიღწევა შეეძლოთ. ჩვენ დავუშვით, რომ იგი გიგანტური ქვეწარმავლის მიერ არის დადებული, ამან კი, შესაძლოა, ბევრს სხვა აღმოჩენასთან მიგვიყვანოს", — განაცხადა ლაგენდრამ.

ნამარხი 2011 წელს ჩილელი მეცნიერების გუნდმა აღმოაჩინა. აღმოჩენის შემდეგ მკვლევრები მის შესწავლას ამაოდ ცდილობდნენ, სანამ 2018 წელს ერთ-ერთმა პალეონტოლოგმა მოსაზრება არ გამოთქვა, რომ ნამარხი, შესაძლოა, კვერცხი ყოფილიყო. კვერცხის ზომისა და გარეგნობის გამო ეს მოსაზრება აშკარა ნამდვილად არ ყოფილა, თანაც მის შიგნით ვერც ძვლები იპოვეს. მაგრამ ჩატარებულმა ანალიზებმა ეს მოსაზრება დაადასტურა.

თუმცა, ნამარხთან დაკავშირებით ახალი კითხვა გაჩნდა — თუ რომელმა ცხოველმა დადო მსგავსი გიგანტური კვერცხი. მკვლევართა გუნდს სჯერა, რომ იგი დინოზავრს არ ეკუთვნის, რადგან იმ პერიოდში ანტარქტიდაზე მცხოვრები დინოზავრები უმეტესწილად ძალიან პატარები იყვნენ იმისთვის, რომ ამხელა კვერცხი დაედოთ, ხოლო დიდები სფერული ფორმის კვერცხს დებდნენ და არა ოვალურს, როგორიც ეს კვერცხია.

მათი აზრით, კვერცხი ზღვის ქვეწარმავლებს, მოზაზავრებს ეკუთვნის, რომლებიც იმ რეგიონში საკმაოდ გავრცელებულები იყვნენ.

თუმცა აღსანიშნავია კიდევ ერთი ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, რბილგარსიან კვერცხს არამხოლოდ რეპიტილიები არამედ დინოზავრებიც დებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში მკვლევრებს სჯეროდათ, რომ დინოზავრები რბილი ნაჭუჭის მქონე კვერცხებს არ დებდნენ. თუმცა პალეონტოლოგმა მარკ ნორელმა განაცხადა, რომ მისმა აღმოჩენამ ეს მოსაზრება, შესაძლოა, საბოლოოდ შეცვალოს.

ნორელის მიხედვით, დინოზავრის მიერ დადებული რბილგარსიანი კვერცხები განადგურდნენ და, შესაბამისად, ჩვენამდე ნამარხის სახით ვერ მოაღწიეს.

თეორიის შესამოწმებლად მან რამდენიმე ნამარხი შეისწავლა, ანალიზებმა კი აჩვენა, რომ დინოზავრები ნაზი ნაჭუჭით იყვნენ დაფარულები.

კვლევა 17 ივნისს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.