მეორეული მობილური ტელეფონებით ვაჭრობა საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დარგი იყო, ხოლო ახლა ის ციფრულ სივრცეშიც იკიდებს ფეხს. ხშირად საოცნებო სმარტფონის ყიდვის იდეა ჩვენს შემოსავლებთან შესაბამისობაში არ მოდის. ამ შემთხვევაში ყველაზე გონივრული გამოსავალი მეორეული მობილური ტელეფონის შეძენაა. თუმცა, რასაკვირველია, დაკვირვება გვჭირდება, რათა ახალმა შენაძენმა იმედები არ გაგვიცრუოს.

ამ სტატიაში მოგიყვებით სამ მეთოდზე, რომელიც მეორეული სმარტფონის შერჩევაში დაგეხმარებათ:

1. რა გზა გაიარა სმარტფონმა სანამ ჩვენამდე მოაღწევდა?

პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ სმარტფონმა ჩვენამდე ლეგალური გზით მოაღწია. შეამოწმე IMEI კოდი — ის ისეთივე უნიკალურია ტელეფონისთვის, როგორც ადამიანის ID ბარათზე დატანილი პირადი ნომერი. შესაბამისად, საკმარისი არ არის ტელეფონს ყუთი მოყვებოდეს, დარწმუნდი, რომ სასურველ სმარტფონზე და ყუთზე დატანილი IMEI კოდის ციფრები ერთმანეთს ემთხვევა. ეს მოგცემს საშუალებას, უფრო მშვიდად იყო.

ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა, ყალბი, ან როგორც ამბობენ ხოლმე ე.წ. "პატენტი" მობილურებია. სინამდვილეში ლეგალური პატენტი ხარისხით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს პირვანდელ მწარმოებელს, თუმცა გაყალბება ნამდვილად დიდი პრობლემაა. იმისთვის, რომ დარწმუნდე, სმარტფონი ნამდვილად ოფიციალური მწარმოებლის მიერ არის დამზადებული და მინიჭებული აქვს თუ არა შესაბამისი მოდელის ნომერი, შედი ხელსაწყოებში და წაიკითხე ინფორმაცია ტელეფონის შესახებ. შეადარე მოდელის ნომერი და IMEI კოდი ყუთზე და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მობილური ტელეფონის პანელზე დაკრულ სტიკერს.

2. არის თუ არა ტელეფონი დაზიანებული?

მას შემდეგ, რაც დარწმუნდები, რომ ტელეფონი არც მოპარულია და არც ყალბი, მისი ფიზიკური დაზიანებები უნდა შეამოწმო. კარგად დაათვალიერე სმარტფონი ყველა მხრიდან და არ დაგავიწყდეს, რომ თანამედროვე სმარტფონებში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მისი სენსორია. თითით მთელ ზედაპირზე შეამოწმე ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა, ასევე კარგად დააკვირდი რამდენად მგრძნობიარეა ის.

სმარტფონს დამატებითი მოწყობილობები სჭირდება. თუ ყურსასმენებიც მოყვება, შეამოწმე მისი გამართულობა. და ბოლოს, დამტენი ყველაზე მნიშვნელოვანია — აუცილებლად შეართე, დაელოდე რამდენიმე წუთი და შეხედე პროგრესს, ამით არამხოლოდ დამტენს, არამედ ელემენტსაც შეამოწმებ. რასაკვირველია, დამტენის და ელემენტის გამოცვლაც შესაძლებელია, თუმცა ის ხარჯებთან არის დაკავშირებული. მეორეული სმარტფონის მთავარი უპირატესობა კი მისი ხელმისაწვდომი ფასია.

3. შეამოწმე ხომ არ არის შენი სმარტფონი დაბლოკილი?

სიფრთხილის კიდევ ერთი ზომა, ამჯერად მხოლოდ iPhone-ის მოყვარულებს ეხება. iCloud მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად დაბლოკონ სმარტფონი. თუ iCloud დაგებლოკება, შენი "ჭკვიანი ვაშლი" სრულიად გამოუსადეგარი გახდება, ამიტომ დარწმუნდი, რომ გამყიდველი ნამდვილად განბლოკილ ტელეფონს გაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენად გამართული და ჭკვიანიც უნდა იყოს ის, მაინც უსარგებლო ნივთი შეგრჩება ხელში.

სულ ეს იყო, იმედია რჩევებს გაითვალისწინებ, თუმცა არც ის დაგავიწყდეს რომ ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს. თუ შენთვის სმარტფონის კამერაა მნიშვნელოვანი, მისი შემოწმებაც არ დაგავიწყდეს, ასევე ყიდვის წინ გაიხსენე ყველაფერი, რასაც შენი მომავალი სმარტფონი უნდა აკმაყოფილებდეს და შეამოწმე ის დეტალურად.

ასევე არ დაგავიწყდეს, რომ Mymarket-მა მეორეული ნივთების სრულად დისტანციური გაყიდვა გახადა შესაძლებელი, ახლა ერთი სახლიდან მეორე სახლში ნივთები დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან და ონლაინ ვაჭრობამაც ახალი სიცოცხლე შეიძინა. თუკი სმარტფონს იყიდი, კურიერი მას პირდაპირ სახლში მოგიტანს და დაგელოდება, სანამ შენს მომავალ მობილურს შეამოწმებ.