ამერიკელმა მსახიობმა კერი კუნმა HBO-ს გახმაურებულ სერიალში The Leftovers ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ნორა დარსტის განსახიერებით სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი შესრულება შემოგვთავაზა, რის გამოც მრავალი მაყურებლის გულში სამუდამოდ დაიკავა საპატიო ადგილი.

ახალ ფილმში The Nest ეს 39 წლის მსახიობი ეცდება, რომ ერთგულ გულშემატკივრებს კვლავ ნორა დარსტის მსგავსი პერსონაჟის სახე შესთავაზოს და ეკრანებზე ოჯახური პრობლემებითა თუ მძიმე ატმოსფეროთი სავსე ისტორია გააცოცხლოს.

ფილმის პირველი ტრეილერი სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა:

კერი კუნს ფილმში პარტნიორობას ჯუდ ლოუ გაუწევს. ტრეილერიდანვე ჩანს, რომ ეს სახელოვანი ინგლისელი მსახიობი ასევე განსაკუთრებულად ემოციურ შესრულებას შემოგვთავაზებს.

The Nest-ის სიუჟეტი 80-იან წლებში ვითარდება და ინგლისელი მეწარმე რორისა (ჯუდ ლოუ) და ამერიკელი ელისონის (კერი კუნი) შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ქორწინების ისტორიაც ეტაპობრივად მტანჯველ რუტინად გადაიქცევა.

ფილმის რეჟისორი შონ დურკინია, რომელიც მაყურებელმა 2011 წელს გამოსული ფილმით Martha Marcy May Marlene გაიცნო.

ჯუდ ლოუსა და კერი კუნის ამ ახალი ფილმის პრემიერა 18 სექტემბერსაა დაგეგმილი.