3 ივნისს კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა წლევანდელი ფესტივალის პროგრამისთვის შერჩეული 56 ფილმი დაასახელეს, რომელთა პრემიერაც წელს უნდა შემდგარიყო, თუმცა იმის გამო, რომ კანის წლევანდელი პანდემიის გამო გაუქმდა, გეგმებიც შეიცვალა.

ამ საერთაშორისოდ აღიარებული კინოფესტივალის წლევანდელ პროგრამაში უეს ანდერსონისა და ფრანსუა ოზონის ახალ ფილმებთან ერთად წარმოდგენილი იყო სამხრეთ კორეელი რეჟისორის იონ სანგ ჰოს საშინელებათა ჟანრის ფილმი Peninsula.

ზომბების თემატიკით გადაღებული ამ მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმის პირველი ტრეილერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა:

ეს ახალი ფილმი სიქველია 2016 წელს გამოსული გახმაურებული ჰორორისა Train to Busan, რომლის პრემიერაც ასევე კანის კინოფესტივალზე შედგა. იონ სანგ ჰოს ოთხი წლის წინ გამოსული ეს პოსტაპოკალიფსური ფილმი რეკორდსმენი აღმოჩნდა: მისმა საერთაშორისო შემოსავლებმა $98.5 მილიონს მიაღწია, რაც კორეული ფილმისთვის მანამდე უჩვეულო წარმატება იყო.

წელს კი მაყურებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ამ ცნობილი საშინელებათა ჟანრის ფილმის გაგრძელება იხილონ და ტრეილერს თუ დავუჯერებთ, წინ კიდევ უფრო დაძაბული და მასშტაბური სანახაობა გველოდება.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ფილმის მსოფლიო პრემიერა: სხვადასხვა კინოფესტივალების ჩაშლასთან ერთად ჯერჯერობით მთელ მსოფლიოში კინოთეატრების უმეტესობა კვლავ დახურულია და მაყურებლებთან ერთად კინომწარმოებელი კომპანიებიც სწორედ ამ სექტორის კვლავ ჩვეულ რეჟიმში ამუშავებას ელოდებიან.