საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები აცხადებენ, რო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად უნდა შეფასდეს. ამ თემაზე 17-მა არასამთავრობომ სპეციალური განცხადება გააკეთა.

"აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს. საკითხს ის ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ყოველივე ასევე მიზნად საქართველოში იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ", — წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლიკვიდაციის მიზანი, ასევე, სავარაუდოდ, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევაც იყო. მათი აზრით, ეს პანდემიის ფონზე, ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევადაც უნდა ჩაითვალოს.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ექსპერტების ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაგეგმილი დანაშაულის შესახებ. ასევე, აქტიური ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა მსგავსი შემთხვევებისგან დაცულად ვგრძნობდეთ თავს", — აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტს, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე, თხოვნით მიმართავენ მეგობარ ქვეყნებს — ყურადღებით მიადევნონ თვალი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ახალი ფორმით გააქტიურებას.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • საზოგადოება და ბანკები
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია
  • საფარი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • მწვანე ალტერნატივა
  • ცენტრი "ემპათია"