ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი ტვიტერზე წერს, რომ გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს წერილი მისწერა.

"8 მარტი შეთანხმების სრული შესრულება სარგებელს ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუტანს. შეთანხმებაში მოხსენიებული ბოლო პოლიტიკური პატიმრის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურორს მივწერე და ის კვლავ პატიმრობაში რჩება, რატომ?" — წერს ანდჟეი ჰალიცკი.

როგორც ანდჟეი ჰალიცკი ირაკლი შოთაძისადმი წერილში აღნიშნავს, ის შეშფოთებულია იმით, რომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება მაშინ, როცა მთავრობამ და მმართველმა პარტიამ დაიწყეს მისი დისკრედიტაცია იმ საკითხებზე, რომელიც ამჟამინდელ ბრალდებებს არ უკავშირდება.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავს, ხოლო ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს, ყველა ვთანხმდებით, რომ აღნიშნული დაძაბულობის საბოლოო დარეგულირება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს პასუხობს. ზედმეტია იმის თქმა, რომ რურუას წინასწარი პატიმრობა მთლიანად პროკურატურასა და საქართველოს სასამართლოზეა დამოკიდებული. თუმცაღა, მე გავითვალისწინე ის ფაქტი, რომ ბევრმა დამკვირვებელმა გამოთქვა შეშფოთება ბატონი რურუას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც კონტრასტში საქართველოს პრაქტიკასთან, რომელიც რურუას მსგავსი ბრალის შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში გირაოს ითვალისწინებს

ვიცი, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა პრაქტიკულად დასრულდა. ამდენად, მოგმართავთ, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილოთ არასაპატიმრო სასჯელის სახის გამოყენება. ეს უდავოდ ხელს შეუწყობს 8 მარტის შეთანხმებასა და საქართველოში ნაკლებად პოლარიზებულ და ცივილურ საარჩევნო კამპანიას", — აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

გიორგი რურუა ერთ-ერთია იმ პატიმრებს შორის, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში მოითხოვდა. ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რომ ის პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და მისი გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

გიორგი რურუას გათავისუფლების მოწოდებებს მმართველ პარტიას უგზავნიან ევროპარლამენტიდანაც. ისინი აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.