ვარკეთილში დამწვარი ბაზრობის ადმინისტრაციის იურისტი აცხადებს, რომ დაზარალებულ მოვაჭრეებს ან შესყიდულ საქონელს აუნაზღაურებენ, ან კვადრატულ მეტრზე 500 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ შპს ვარკეთილი 96-ის იურისტმა მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა.

"ეს არის მესამე პირების დაზღვევა, უნაზღაურდებათ საქონელი, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა საქონელს უნდა ჰქონდეს შესყიდვის საბუთი და იმ ადამიანებს, ვისაც ეს საბუთი არ გააჩნიათ, კვადრატულ მეტრზე მიეცემათ 500 ლარი", — აღნიშნა იურისტმა.

იურისტმა აღნიშნა, რომ შპს-ს ბაზრის შენობა დაზღვეული არ ჰქონდა, ამიტომ ექსპერტიზის დასკვნისა და მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდება შენობას იქ მომუშავე ადამიანები გაარემონტებენ, თუ ადმინისტრაცია.

15 ივნისს ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრისას, დაახლოებით, 4 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. სავარაუდოდ, ცეცხლი შენობის შუა ნაწილში გაჩნდა, სადაც მარტივად აალებადი ნივთები ინახებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია და ადგილზე მუშაობას სპეციალური სამსახურები აგრძელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.