თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილის შერეული ბაზრობის ხანძრის დაზარალებულებს სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს. როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომპანიამ ამის შესახებ მზაობა გამოხატა.

"გარდა ამისა, თავად დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილება. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ, ჩავერთოთ, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით. პრემიერმინისტრთან მქონდა საუბარი და მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება შეხვედრები, კონსულტაციები", — აღნიშნა კალაძემ.

15 ივნისს ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრისას, დაახლოებით, 4 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. სავარაუდოდ, ცეცხლი შენობის შუა ნაწილში გაჩნდა, სადაც მარტივად აალებადი ნივთები ინახებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია და ადგილზე მუშაობას სპეციალური სამსახურები აგრძელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.