არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად უნდა შეფასდეს. ამით ევრო-ატლანტიკურ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ტელეწამყვანის მიმართ განზრახული შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ეხმაინებიან.

"აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს. საკითხს ის ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ყოველივე ასევე მიზნად საქართველოში იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ.

ამ ვერშემდგარი აქტის მიზანი, ასევე, სავარაუდოდ, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევაც იყო, რაც პანდემიის ფონზე და ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევადაც უნდა ჩაითვალოს", — ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

ორგანიზაციების შეფასებით, განსაკუთრებით გააქტიურებული ანტიდასავლური პროპაგანდისა და რუსეთის მთავრობისგან დაფინანსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების მოქმედებების ფონზე ჟურნალისტის შესაძლო სამიზნედ ამოღება "ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და შესაძლო დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ".

ხელმომწერი ორგანიზაციები გმობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და მათ კონტროლ ქვეშ მყოფი პირების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას:

  • გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ექსპერტების ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაგეგმილი დანაშაულის შესახებ;
  • აქტიური ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა მსგავსი შემთხვევებისგან დაცულად ვგრძნობდეთ თავს;
  • მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს და ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რათა მიაღწიოს დამკვეთთა, ორგანიზატორთა და შემსრულებელთა წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას.

ისინი საქართველოს პარლამენტსაც მიმართავენ, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.

ასევე, სთხოვენ საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყურადღებით მიადევნონ თვალი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ახალი ფორმით გააქტიურებას.

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი;
  • საზოგადოება და ბანკები;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.