"კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში", — გაეროს (UNFPA და UNDP) მიერ მომზადებული კვლევაა, სადაც საუბარია მამების მონაწილეობაზე ბავშვის დაბადებამდე და მის შემდეგ.

გამოკითხვაში მონაწილე სამი რესპონდენტიდან, ორი მამა იყო, თითოეულს, საშუალოდ, ორი შვილი ჰყავდა. კვლევით გაირკვა, რომ შვილის დაბადებას მამების მხოლოდ 7 პროცენტი დაესწრო. 2013 წლის კვლევის მონაცემებით, შვილის გაჩენას კაცების მხოლოდ 4,5 პროცენტი ესწრებოდა.

ფოტო: UNFPA

კვლევის ავტორების დასკვნით, შვილის დაბადებაზე მამების დასწრების დაბალი მაჩვენებელი თანხვედრაშია მშობლების ზოგად დამოკიდებულებასთან ამავე საკითხზე: 10 გამოკითხულიდან ოთხზე მეტი დედა და მამა აცხადებს, რომ მამების მშობიარობაზე დასწრება, ჩვეულებრივ, მისაღები არ არის.

მეთოდოლოგია და კვლევის ინსტრუმენტები

ანგარიში გაეროს ერთობლივი პროგრამა "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში მომზადდა. კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა ხუთ რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით.

საველე სამუშაოები 2019 წლის ივლის-ოქტომბერში ჩატარდა დაა ჯამში 2 408 რესპონდენტი გამოიკითხა. შერჩევა რეპრეზენტატულია ქვეყნის დონეზე. კვლევისთვის ინსტრუმენტად შეირჩა საერთაშორისო კვლევა "კაცები და გენდერული თანასწორობის" (IMAGES) კითხვარი, რომელიც, თვისობრივი კვლევის დასკვნების საფუძველზე, კონტექსტუალურად იყო ადაპტირებული.

ნახეთ ანგარიშის ძირითადი აქცენტები: