რაიან მერფის თავის შემოქმედებაში მრავალი თემის ირგვლივ აუგია საშიში, დრამატული თუ სასაცილო სიუჟეტები, გასულ წელს კი თავის ერთგულ მაყურებელს პოლიტიკური ინტრიგებით დახუნძლული ახალი დრამატული სერიალი შესთავაზა.

The Politician რაიან მერფისა და სტრიმინგ სერვის ნეტფლიქსის ერთობლივი თანამშრომლობის პირველი შედეგი იყო, რომელმაც თავისი რვაეპიზოდიანი სეზონით მაყურებლების დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა.

სულ რაღაც რამდენიმე დღეში კი ეს შოუ მეორე სეზონით ბრუნდება და ნეტფლიქსმაც ახალი სეზონის პირველი ტრეილერი გაავრცელა:

როგორც ტრეილერში ვხედავთ, ახალი სეზონი, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო სანახაობრივი და დაძაბული იქნება: ბენ პლატის გმირს ძლიერი ოპონენტები — ბეტი მიდლერისა და ჯუდიტ ლაითის პერსონაჟები ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ შოუში ჰოლივუდისთვის განსაკუთრებულად ძვირფას სახეებს ვიხილავთ: პირველ სეზონში მონაწილეობას იღებდა ჯესიკა ლენგი.

მეორე სეზონში ასევე ვიხილავთ გვინეტ პელტროუს, რომელიც ჯორჯინა ჰობარტის როლს ასრულებს.

სერიალის პრემიერა 19 ივნისს ნეტფლიქსის პლატფორმაზე შედგება.