თანამედროვე პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო შემსრულებლის, ბრიტნი სპირსის ფანმა გადაწყვიტა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთელ მსოფლიოში ისტორიული ძეგლების ირგვლივ განხილვებს ახალი კრეატიული იდეით შეერთებოდა: შეიქმნა პეტიცია, რომელიც ლუიზიანას შტატის გუბერნატორს, ჯონ ბელ ედვარდს მოუწოდებს, რომ კონფედერატთა ძეგლების ნაცვლად ბრიტნი სპირსის ძეგლები დაიდგას.

პეტიციის ავტორი კესი ტიბოდოა და მან უკვე 30 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა.

პეტიციაში აღწერილია, თუ რატომ იმსახურებს ბრიტნი სპირსი ძეგლის დადგმას მთელ შტატში: პირველ რიგში, იმიტომ, რომ ლუიზიანა მისი მშობლიური შტატია — ის ქალაქ კენტვუდში გაიზარდა.

სხვა ღირსებების ჩამონათვალთან ერთად პეტიციაში ვკითხულობთ:

"ბრიტნიმ არა მხოლოდ თავისი ნიჭი გვაჩვენა, არამედ დაგვიმტკიცა, რომ აქვს ძალა მენტალურ პრობლემებს გაუმკლავდეს და შემოქმედებით საქმიანობას კიდევ უფრო გაძლიერებული დაუბრუნდეს. ის მილიონობით ადამიანის შთაგონებაა".

ბრიტნი სპირსი 2001 წლის MTV Video Music Awards-ზე.

ფოტო: Kevin Kane/WireImage

აშშ-ში აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ ბოლო პერიოდში მსოფლიოს მრავალ კუთხეში საპროტესტო აქციების ფარგლებში იმ ისტორიული ფიგურების ძეგლები ჩამოაგდეს ან მოხსნეს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით რასიზმში არიან დადანაშაულებულები.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ცნობილი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ძეგლი ჩამოაგდეს; ბელგიაში ლეოპოლდ მეორის ძეგლი აიღეს; ამერიკის შეერთებულ შტატებში კი კოლუმბის ძეგლი ტბაში გადააგდეს.

რაც შეეხებათ კონფედერატებს, ისინი მე-19 საუკუნეში აშშ-ისგან გამოყოფას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითხოვდნენ, რასაც 1861-65 წლებში ამერიკის ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის სამოქალქო ომი მოჰყვა. კონფედერატები ასევე მხარს უჭერდნენ მონათმფლობელობას.

შესაბამისად, რატომაც არა უნდა ჩაანაცვლოს ბრიტნის ძეგლმა მათი ძეგლები?!