პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის მცდელობას ეხმაურება და ამბობს, რომ ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორებისა და თავდასხმის ორგანიზების უფლებას საქართველოში არავის მისცემენ.

მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება. როგორც თალაკვაძე ამბობს, ლიკვიდაციის მცდელობა რომ არ აღეკვეთილიყო, მაღალი ალბათობით, საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას გამოიწვევდა.

"ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით — იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას", — განაცხადა თალაკვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.

გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში — რა მოხდა

2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.

პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.

გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. ოკუპანტ ქვეყანაში წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".

"ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს", — თქვა პუტინმა გაბუნიაზე.

ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".