საქართველოს მასშტაბით ონლაინ სწავლების დროს Microsoft Teams-ის პროგრამაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების 65 პროცენტი იყო ჩართული. 25 მაისის მონაცემებით, აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ სულ 395 600 შეადგინა.

აღნიშნული მონაცემები მოყვანილია განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ ჩიქობავას სტატიაში. მისი სტატია ჟურნალ სკოლის მართვაშია გამოქვეყნებული.

როგორც მარიამ ჩიქობავა აღნიშნავს, სკოლები გარდა Microsoft-ის პროდუქტებისა (Teams და Office 365), იყენებდნენ სხვა პლატფორმებსაც (Zoom, მესენჯერი, edu.feedc.com, სკაიპი და სხვა). სკოლებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, დისტანციური სწავლების პროცესში სხვადასხვა პლატფორმისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, ჯამურად ჩართული იყო სკოლების დაახლოებით 88 პროცენტი. იმ მოსწავლეებისთვის კი, რომლებმაც დისტანციურ სწავლებაში ჩართვა ვერ მოახერხეს, ტელესკოლის პროექტი შეიქმნა.

სტატიაში არ არის მითითებული, ჯამში რამდენი ბავშვი დარჩა ონლაინ სწავლების მიღმა.

გარდა ამისა, მასალაში აღნიშნულია, რომ პანდემიის გარეშეც I-XII კლასების დაახლოებით 30 000 მოსწავლე რჩება სასწავლო პროცესის მიღმა სხვადასხვა მიზეზის გამო.

"ცხადია, კრიზისის პირობებში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენის მთავარი მიზეზი არის შესაბამისი დივაისებისა და ინტერნეტის არქონა. ხოლო ისეთი ცალკეული შემთხვევები, როცა ონლაინსწავლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა თავად სისტემის თანამშრომლების ინდივიდუალური დაინტერესებისა და ძალისხმევის შედეგად აღმოიფხვრა (მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტში რესურსცენტრის თანამშრომლის მიერ მოსწავლისთვის მობილურის ყიდვით ან სკოლის დირექტორის მიერ მოსწავლისთვის ინტერნეტის შეძენით), ცხადია, სამომავლოდ არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს", — აღნიშნავს მარიამ ჩიქობავა.