15 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ სამუშაო ადგილზე ლგბტქ ადამიანების დისკრიმინაცია მათი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო უკანონოდ გამოაცხადა.

ეს ლგბტქ ადამიანებისთვის ყველაზე დიდი ისტორიული გამარჯვებაა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, როცა მთელ აშშ-ში ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონიერი გახდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 1964 წელს მიღებული სამოქალაქო უფლებების აქტის მეშვიდე თავით გათვალისწინებული აკრძალვა, რომელიც ზღუდავდა რასის, რელიგიური მრწამსის, ეროვნული წარმოშობის ან სქესის მიხედვით სამუშაო სივრცეში დასაქმებულების დისკრიმინაციას, მისი განსაზღვრება ფართოვდება და ამიერიდან ასევე მოიცავს გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების დისკრიმინაციას.

შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დამსაქმებლებს უფლება აღარ ექნებათ თანამშრომლები მათი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო სამსახურიდან გაათავისუფლონ.

The Guardian-ის ცნობით, უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სამი გახმაურებული საქმის განხილვის შემდეგ მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალის, ეიმი სტივენსის შემთხვევაა, რომელიც თავისმა უფროსმა იმის გამო გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ "მის მიერ სქესის უარყოფა ღმერთის ნებას ეწინააღმდეგებოდა".

ასევე იყო ჯერალდ ბოსტოკის საქმე, რომელიც ბავშვების სოციალური სერვისის კოორდინატორად მუშაობდა და მას შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც მისმა უფროსმა გაიგო, რომ ის სოფტბოლის გეი ნაკრების წევრი გახდა.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე აშშ-ის უმეტეს შტატში არ მოქმედებდა კანონი, რომელიც დასაქმებულებს მსგავსი მოპყრობისგან სამუშაო ადგილზე დაიცავდა.

თავად ემი სტივენსი, რომლის საქმესაც განიხილავდა სასამართლო, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გარდაიცვალა. 2019 წელს მან განაცხადა:

"ვფიქრობ ხოლმე, ადამიანებს თუ ესმით ჩვენი მდგომარეობის. ღმერთმა იცის, რომ ტრანსგენდერი ადამიანები მუდამ ჩვენ გარშემო იყვნენ ასი და ათასობით წლის განმავლობაში, ჩვენ კი ამდენი ხანი ისე ვიქცეოდით, რომ თითქოს მათ პრობლემები არ ჰქონდათ. თუ ეს პრობლემები აქამდე არ არსებობდა, რატომ გამოვიგონეთ ისინი ახლა?"