თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან და დაზარალებულებს ზარალს აუნაზღაურებენ.

"ხანძარი იყო გავრცელებული 1 000-დან 1 500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, საბედნიეროდ, აბსოლუტურად ლოკალიზებულია და საშიშროება იმისა, რომ გავრცელდეს რომელიმე გაზგასამართ სადგურზე ან რომელიმე კორპუსზე, არის აღმოფხვრილი. ახლა შევხვდებით მოსახლეობას, ვნახავთ რა იყო დაზღვეული, რამდენი იყო ზარალი. შეიძლება დაზიანება იყო, მაგრამ საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ჩვენ აუცილებლად, როგორც ქალაქის მერია, ისე მთავრობა ამ ადამიანებს დავუდგებით გვერდში", — განაცხადა ელოშვილმა.

ვარკეთილში ხანძარი შერეულ ბაზრობაზე გაჩნდა და დაახლოებით 1 000-იდან 1 500-მდე კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული და პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.