საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, ოთარ კერესელიძის თქმით, ამ დროისთვის ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე არსებული ხანძრის გავრცელების საფრთხე არაა. მისივე თქმით, იყო საფრთხე, რომ ხანძარი ბაზრობის გვერდით მდებარე ობიექტებზე გადასულიყო.

"დაახლოებით, 1 000 კვადრატი ბაზრობის ტერიტორიაა, ადგილზე მუშაობდა 25 სახანძრო ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ამ დროისათვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს, მეხანძრე-მაშველებს ძალიან რთულ ვითარებაში მოუხდათ მუშაობა. თუმცა ამ დროისათვის ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. იყო საფრთხე, რომ გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე გვერდზე იყო საცხოვრებელი სახლი", — განაცხადა კერესელიძემ.

ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე ხანძარია. როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ჯიხურებს უკიდია.