რამდენიმეთვიანი ტესტირების შემდეგ ფეისბუქმა WhatsApp-ში გადახდების სერვისი დაამატა. პირველი ქვეყანა, რომელმაც აპლიკაციაში გადახდების მხარდაჭერა მიიღო, ბრაზილიაა.

WhatsApp ონლაინ გადახდების განსახორციელებლად მშობელი კომპანიის გადახდების პლატფორმას, Facebook Pay-ს იყენებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ონლაინ გადახდების სერვისი მომხმარებლებისთვის სრულიად უფასო იქნება და ტრანზაქციისას მათ არანაირი საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ, თუმცა იურიდიულ პირს ტრანზაქციის დამუშავებისთვის თანხის 3,99% ჩამოეჭრება. ტრანზაქციის დადასტურება როგორც 6-ნიშნა PIN კოდით, ისე თითის ანაბეჭდით იქნება შესაძლებელი.

WhatsApp-ის ონლაინ გადახდების ფუნქციის სხვა ქვეყნებში გააქტიურების შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ჩანს, WhatsApp-ის ახალი ფუნქციის გლობალურ გამოყენებას ხელს ის გარემოება უშლის, რომ არ არსებობს გადახდის უნივერსალური მექანიზმი. მაგალითად, ამ ფუნქციის ტესტირებისას ინდოეთში კომპანიამ Facebook Pay-ს ნაცვლად ადგილობრივი UPI (Unified Payments Interface) გამოიყენა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, აპლიკაციამ სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული ფუნქციის გასააქტიურებლად გადახდების ადგილობრივი სისტემები გამოიყენოს.