IT პროექტების ჰოსტინგისთვის განკუთვნილი ვებ-სერვისი, GitHub ტერმინ master-ის ისეთი ნეიტრალური სიტყვით ჩანაცვლებას გეგმავს, რომელიც რაიმე სახით მონობასთან არ იქნება ასოცირებული.

GitHub-ის მსგავსად, ბევრმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ისეთი სხვადასხვა ტერმინის ამოღება გადაწყვიტა თავიანთი საპროგრამო ენიდან, რომლებიც, შესაძლოა, შავკანიანი დეველოპერებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს. ასეთ სიტყვებს შორისაა master (ბატონი), slave (მონა), blacklist (შავი სია) და whitelist (თეთრი სია).

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტერმინების წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად ადრე, 2014 წელს დაიწყო, როდესაც Drupal-მა master/slave-ის primary/replica-თი ჩანაცვლება გადაწყვიტა. მსგავსი ქმედებების მიზანს კონკრეტული ტერმინების გამოყენებით რასისტული სტერეოტიპების გაღრმავების თავიდან აცილება წარმოადგენს.

"მსგავსი ტერმინოლოგია არა მხოლოდ რასისტულ კულტურას ასახავს, არამედ მის ლეგიტიმაციას და გამყარებას ემსახურება", — წერია 2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში.

ამჟამად აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე კი ტექნოლოგიურმა საზოგადოებამ პროგრამებიდან თუ ონლაინ სერვისებიდან მსგავსი ენის ამოსაღებად მეტად აქტიურ ზომებს მიმართა.

თავდაპირველად ანდროიდის ოპერაციულმა სისტემამ, პროგრამირების ენამ Go-მ და PHPUnit-ის ბიბლიოთეკამ ტერმინები blacklist და whitelist ნეიტრალური ალტერნატივებით ჩაანაცვლეს.

ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, გაბრიელ შაბომ ტვიტერზე განაცხადა, რომ Microsoft-ის ბიბლიოთეკების განახლებაზე მუშაობს, რათა რასისტულ პრაქტიკებთან ასოცირებული ფრაზები ამოიღოს.

ორივეს, Git-სა და GitHub-ს ტერმინი master საწყისი კოდის რეპოზიტორიის ძირითად ვერსიად აქვს. დეველოპერები master-ს მეორეული ვერსიების შესაქმნელად იყენებენ, რომლებსაც საკუთარ კოდს ამატებენ, შემდეგ კი მას master-ში აბრუნებენ.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, GitHub ამ ტერმინის მილიონობითი პროექტიდან ამოღებას უზრუნველყოფს.

მსგავს ინციატივებზე გამართული დისკუსიებისას სიტყვების შეცვლის მოწინააღდეგეთა არგუმენტი, ძირითადად, ეხება იმას, რომ master-ისა და slave-ის მსგავსი ტერმინები საპროგრამო ენაში ტექნიკურ სცენარებს მიემართება და არა მონობის პრაქტიკას; ხოლო სიტყვა blacklist არაფერ კავშირშია შავკანიან ადამიანებთან, არამედ, შუა საუკუნეების ინგლისის იმ პრაქტიკასთან ასოცირდება, როცა პრობლემური მუშახელის სახელებს ე.წ. "შავ წიგნებში" წერდნენ, რათა მომავალში მათი აყვანისგან დაეცვათ თავი.