გავრილოვის ღამის მოახლოებასთან ერთად, ემოციების მოზღვავება აქვს. სიხარულსაც გრძნობს, თუმცა ბრაზი მაინც უფრო მეტია. განცდები თითქოს მეორდება. აქციის მუხტი მოენატრა.

"სიხარული იმიტომაა, რომ ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს ვნახავ პარლამენტის წინ. ამდენი ხანია, თითქოს მარტო ვგრძნობ თავს, ოღონდ რა მხრივ, იცი? თითქოს ბრძოლაში ვარ მარტო და ამდენი ხალხის დანახვა ჩემთვის კარგი იქნება, ასე მგონია.

რა თქმა უნდა, არიან ჩემ გარშემო ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან, მაგრამ აქციების დროს უფრო ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც არ ვნებდებოდი. ეს მუხტი რაღაცნაირად მომენატრა", — ამბობს მაკო.

გოგონა მწვანე ყურსასმენით ახლა 19 წლისაა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვალზე ოთხი ოპერაცია გადაიტანა. გაზაფხულზე გერმანიაში პროთეზი უნდა შეეცვალა, თუმცა პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა.

"ეს [პროთეზი] უკვე არაა თვალისთვის კომფორტული და ამის გამო შემექმნა პრობლემები. ხშირად მომიწია, ასე ვთქვათ, თვალთან ურთიერთობა, პროთეზის ამოღება და ა.შ. დიდხანს ვეღარ ვიჩერებ. აღარ იღებს ჩემი თვალის გარშემოწერილობა და ბუდე ამ პროთეზს. მექმნება დისკომფორტი, როცა ქუჩაში დავდივარ და ვეღარ ვუძლებ ამ თვალს".

უნივერსიტეტს ჩამოშორდა და აკადემიური წელი აიღო, თუმცა ფსიქოლოგიის მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას და ისეთ სფეროში სურს მუშაობა, სადაც ბავშვებთან ექნება კომუნიკაცია. დადის დრამის გაკვეთილებზე და ტელეკომპანია ფორმულაზე ბლოგებს წერს. ბევრის მსგავსად, საგანგებო მდგომარეობის დროს იზოლაცია მაკოსაც გაუჭირდა:

"იმდენად რთული იყო ეგ პერიოდი ჩემთვის, რომ ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდი. ეს სამი თვე მქონდა ჩავარდნილი და არ ვიყავი აქტიური".

"ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რა მოხდებოდა ერთი წლის თავზე"

მაკოს იმედი ჰქონდა, რომ 20 ივნისიდან ერთი წლის შემდეგ, უკეთესი ვითარება იქნებოდა. ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნის დროს ფიქრობდა, რომ ამ დროს თავს უფრო კარგად იგრძნობდა.

"სამწუხაროდ, ეს არ შეცვლილა. უკეთესობაში გააჩნია რას განვიხილავთ. ფიზიკურად თვალი შეიძლება უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე 20 ივნისს, თუმცა ამის გარდა, რეალურად, არაფერი შეცვლილა. ისევ გამოუძიებელი საქმეები, ისევ ჭიდილი სამართალთან".

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

გრძნობს, ბევრი პასუხისმგებლობა გაუჩნდა. რაღაც მომენტში ეგონა, რომ არ ჰქონდა უფლება ისე ყოფილიყო, როგორც თავად სურდა, რადგან გარშემომყოფები მასზე იყვნენ დამოკიდებულნი.

"ვცდილობდი, ხელოვნურად მაინც ვყოფილიყავი კარგად, რომ ვიღაცას ჩემ გამო არ მოეწყინა. ეს პასუხისმგებლობა გაჩნდა ოჯახის წევრების მიმართ. თუმცა გარშემომყოფების მიმართაც, რა თქმა უნდა. მე რომ გამოვსულიყავი და მეთქვა, ვწყვეტ ბრძოლას და არ მინდა-მეთქი, მაშინ ვის უნდა ებრძოლა?! ან ვის უნდა გაეგრძელებინა, თუ არა მე ან იმ ადამიანებს, ვინც არიან 20 ივნისის დაზარალებულები?! სხვა იტყვის, ის თუ დანებდა მე რაღატო ვაკეთოო".

ისევ არ იცის, ვინ ესროლა იმ შემზარავ ღამეს. საქმის მასალების გასაცნობადაც პროკურატურიდან კვლავ არავინ ურეკავს. მაკო დარწმუნებულია, რომ მას და გიორგი სულაშვილს, რომელმაც ასევე დაკარგა თვალი, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის გამო მიანიჭეს:

"პროკურატურაში მხოლოდ ერთხელ ვიყავით. გაგვაცნეს ვითომ საქმის მასალები, სადაც რეალურად არაფერი იყო ახალი და ხელჩასაჭიდი. გვაჩვენეს ერთი კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს დაახლოებით საიდან ისვრიან, მაგრამ არ ვჩანვარ მე იმ დროს, როცა მესვრიან. მემორიალი მეფარება. რა თქმა უნდა, გაბრაზდები ხო? როცა პოლიციელებზე დასჭირდათ საქმის გამოძიება, რომ დაზარალებულად ეცნოთ, ძალიან მალე შეაგროვეს მასალები, როცა სხვა პირებს დასჭირდათ — გაჩერდნენ".

"დედაჩემს და მამაჩემს ჩემთან ერთად ხშირად უტირიათ"

ბოლო ერთი წელი რთული იყო მაკოს ოჯახისთვისაც. იგი ჰყვება, რომ ხშირად ცდილობენ მისი თანდასწრებით ემოციებისგან თავი შეიკავონ, თუმცა არ გამოსდით.

მამას დღემდე აქვს განცდა, რომ რაღაცის გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთა

"დედაჩემს ჩემთან ერთად ხშირად უტირია. მამაჩემსაც ბევრჯერ უტირია ჩემთან ერთად. ყველაზე მეტად ისინი მეცოდებოდნენ.

მამაჩემი მეცოდებოდა, რადგან მისთვის იყო რთული, ალბათ, იმიტომ, რომ ვერაფერი გააკეთა, რომ ამისთვის ხელი შეეშალა. დღემდე აქვს განცდა, რომ რაღაცის გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს რთულია მისთვისაც და ჩემთვისაც, რადგან ამას თუ ჩემთან არ იმჩნევს, დედაჩემთან ხშირად საუბრობს ამ თემაზე. შეიძლება რაღაც მომენტში დამნაშავედაც გრძნობენ თავს, რომ ეს ყველაფერი მოხდა".

"20 ივნისი არის ერთი ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში"

იმ ღამის შემდეგ გააცნობიერა, რომ სამყარო მოულოდნელობითაა სავსე და არც ისე ხდება ყოველთვის, როგორც ჩვენ გვინდა. ამიტომ ცდილობს, უფრო მეტი აკეთოს და მეტად პროდუქტიული იყოს.

როგორც ამბობს, სპეცრაზმელის ნასროლმა ტყვიამ მისი ცხოვრება მთლიანად გადაატრიალა და ქაოსი შემოიტანა, რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

"20 ივნისი არის ერთი ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში".

ის, რომ აქციის დაშლის დროს რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, სტუდენტმა გოგომ, თვალი დაკარგა, გავრილოვის ღამის მეორე დღეს გახდა ცნობილი. მაკო მალევე იქცა აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ. მისი გამოსახულებით სტენსილები იხატებოდა, იყო ბანერებსა და პლაკატებზე, მაისურებზეც კი.

როგორც ამბობს, თავიდან ეს არ მოსწონდა. ხშირად ღიზიანდებოდა კიდეც, რომ ყველა მის ფოტოებს იყენებდა.

"მერე მივხვდი, რომ ეს ცუდი არ იყო და კარგი უნდა დამენახა ამაში. ამდენ ადამიანს შევუყვარდი, ამდენმა ადამიანმა გამომიცხადა სოლიდარობა და ჩემთან ერთად დაიწყო ბრძოლა..."

როცა 20 ივნისზე იწყებენ ლაპარაკს, იცის, რომ მასაც ახსენებენ და ამის გამო ცუდი შეგრძნება იპყრობს.

"ზოგჯერ ვცდილობ, რაღაცნაირად ჩამოვშორდე 20 ივნისის თემას, რომ ყოველთვის ჩემ გარშემო არ იტრიალოს, მაგრამ მაინც იწევა ეს თემა და საუბარი მიწევს".

რამდენადაც მას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებდნენ, იმდენად აკრიტიკებდნენ და ყოველ მის სიტყვას ეკიდებოდნენ. ნეგატიურზე ფიქრის საშუალებას აქციები არ აძლევდა, თუმცა როგორც კი პროტესტის ტალღა ჩაცხრა, საკუთარ განცდებთან მარტო დარჩა.

"მაშინ იყო ცოტა რთული, როცა გავაანალიზე, რომ თურმე რამდენი ნეგატიური ყოფილა ჩემსკენ წამოსული. უბრალოდ ვცდილობდი, ნაკლები ყურადღება დამეთმო ამ ყველაფრისთვის. რაც უფრო მეტს ფიქრობ საკითხზე, მით უფრო მეტად გითრევს. ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია და დღემდე ასე ვარ".

"ადამიანი, რომლის გადადგომასაც ვითხოვდით, გახდა მთავარი პირი"

გიორგი გახარიას გაპრემიერებამ გააბრაზა. მას აკისრებდა და დღემდე აკისრებს პასუხისმგებლობას 20 ივნისის ღამის მოვლენებზე.

დღემდე აქვს შეგრძნება, რომ არ იმსახურებდა არც ტყვიის მოხვედრას და არც თვალის დაკარგვას.

20 ივნისიდან მოყოლებული, ყოველ წამს მაქვს უსამართლობის შეგრძნება

"ადამიანი, რომლის გადადგომასაც ვითხოვდით, გახდა მთავარი პირი. რა თქმა უნდა, ამან გამაბრაზა... 20 ივნისიდან მოყოლებული, ყოველ წამს მაქვს უსამართლობის შეგრძნება. დღესაც, პარლამენტის წინ რომ გავედი, მაგას ვფიქრობდი, რომ საერთოდ არ უნდა ესროლათ ის ტყვიები. საერთოდ არ უნდა გამოეყენებინათ არაფერი. ეს განცდა მაქვს — რატომ?

რა თქმა უნდა, ყველაფერს უკან ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ ეს გრძნობა სულ მექნება, რომ არ ვიმსახურებდი. რატომ?! როცა გავიფიქრებ, რომ ვიღაც დამადანაშაულებს, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს მივეკუთვნები და მოდი, ყველაფერს მოვწყდები, რომ დამივიწყონ, მერე ვაცნობიერებ, რომ ასე უსამართლოდ რომ მომექცნენ, რატომ უნდა დავნებდე?!".

"არ ვიცი შევძლებ თუ არა აქციაზე სიტყვით გამოსვლას, რადგან ახლა უფრო ბევრი სათქმელი დამიგროვდა"

20 ივნისის აქციაზე იმავე ტანსაცმლით მიდის, რომელიც ერთი წლის ეცვა. დღემდე აქვს შენახული შარვალი, ფეხსაცმელი და ყურსასმენები. სისხლიანი მაისური კლინიკაში დაუხიეს.

"ცოტა არ მუშაობს, მაგრამ იმავე ყურსასმენებით მოვალ... მაქვს ჩემი წილი გასაპროტესტებელი და ჩემი სიბრაზე, რაც უნდა გამოვხატო".

როცა პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, აქციაზე სიტყვით პირველად მაშინ გამოვიდა. იმავეს შეძლებს თუ არა ახლა, არ იცის.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"როცა პროპორციული ჩააგდეს და ეს იმდენად ბუნებრივად მოხდა... გამოვედი და რაც მინდოდა, ყველაფერი ვთქვი. ახლა არ ვიცი შევძლებ თუ არა გამოსვლას, რადგან უფრო ბევრი რამ მაქვს დაგროვილი და არ ვიცი, შევძლებ თუ არა ემოციების კონტროლს.

რაც დრო გადის, უფრო სხვანაირად აფასებ მოვლენებს. მაშინ რაღაც ერთი ტალღა იყო, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას ბევრი მეფიქრა. იზოლაციამაც მოიტანა ის, რომ მეტი დრო დავუთმე საკუთარ თავს და საკუთარ თავზე ფიქრს, შესაბამისად, რაღაცები უფრო გადავაფასე, გავაანალიზე, რომ თუ აქამდე ვფიქრობდი, რომ 20 ივნისი არ იყო დიდი რაღაც ჩემს ცხოვრებაში, ახლა უკვე არის. ამას ემატება სხვა ნაბიჯები, რასაც დგამენ და არ მომწონს, თუნდაც პროპორციულის ჩაგდება, გახარიას გაპრემიერება. ბევრი რაღაც დაგროვდა ამ ერთი წლის განმავლობაში, რაზეც საუბარი მინდა".

მოძრაობა სირცხვილიაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს იმ ადამიანების ჯგუფია, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნება და მის უფლებებს დაიცავს.

"ხშირად არა მხოლოდ მათზე, არამედ სხვებზეც მეუბნებოდნენ, რომ ჩემი სახელით მანიპულირებენ და ჩემს სახელს იყენებენ. ამაზე ყოველთვის ვღიზიანდებოდი. არასდროს არავის ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ჩემი სახელით რამე გაეკეთებინა ისეთი, რაც მე ზიანს მომიტანდა".

რას ელოდება 2021 წლის 20 ივნისისგან?

აქამდე პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების იმედი ჰქონდა, ახლა კი იმედოვნებს, რომ ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ჩემი პირადი საქმეც, ფაქტობრივად, ამაზეა დამოკიდებული, რადგან ვფიქრობ, რომ თუ ისევ ის ადამიანები გააგრძელებენ ქვეყნის სათავეში ყოფნას, ჩემი საქმე 2021 წელსაც ზუსტად იმავენაირად იქნება, როგორც არის დღეს".

მაკო გომური ფიქრობს, რომ სისტემამ მიატოვა.

"მე მჭირდება ჩემ გარშემო იყოს სამართლიანობა და საქმე იყოს გამოძიებული, არ ვცხოვრობდე ბურუსში და არ ვცხოვრობდე ქაოსში; არ ვცხოვრობდე მუდმივ გაურკვევლობაში და კითხვაში ვინ მესროლა. ამიტომ კი, სისტემამ მიმატოვა".