10 ივნისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა(EMC) მალხაზ რეხვიაშვილის სახელით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გადაცემა "ჰეშთეგის" წამყვანი და ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე, რეხვიაშვილი მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

EMC-ის განმარტებით, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და ვერ აკმაყოფილებს ამგვარი გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემისათვის აუცილებელ წინაპირობებს.

"სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა დასაქმებულისთვის მინიმალური და ბაზისური შრომითი უფლებების დარღვევის გზით, რამაც უხეშად შელახა დასაქმებულის ინტერესები. მაუწყებლის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არამარტო გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევისა და შეზღუდვის ნათელი მაგალითია, მას მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი გააჩნია სხვა თანამშრომლების მიმართ, რომელთაც ირიბად გამოხატვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC მიიჩნევს, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამაგალითო დასჯის აქტს წარმოადგენს და კრიტიკული აზრის ჩახშობის ღია მცდელობაა.

"ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს მენეჯმენტის ღია პოლიტიკას რომ სათანადო საფუძვლის გარეშე წამოიწყოს თანამშრომლების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესები და მიიღოს დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებები. ამის შედეგია ისიც, რომ მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მხრიდან ათზე მეტი სარჩელი არის შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მალხაზ რეხვიაშვილი ფეისბუქის პოსტის გამო გაათავისუფლეს. საუბარი არის პოსტზე, რომელშიც მალხაზ რეხვიაშვილი თავის კოლეგას, თეო თურმანიძეს მხარს უჭერს, რომელიც, ასევე, ფეისბუქპოსტი გამო ეთერიდან მოხსნეს. ბრძანებაში, რომელსაც მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ მალხაზ რეხვიაშვილის 21 აპრილის პოსტი ცილისწამებაა, რომელიც "მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და მაუწყებლის რეპუტაციას ზიანი მიაყენა". დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეხვიაშვილმა თავისი საქციელით შრომითი ხელშეკრულება და შრომის შინაგანაწესის პირობები დაარღვია.

მანამდე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმღვანელობამ მალხაზ რეხვიაშვილისგან Facebook-ის იმ პოსტის უარყოფა მოითხოვეს. როგორც თეონა თურმანიძე ყვებოდა, თავდაპირველად მან ჩათვალა, რომ მას სოციალურ ქსელში ქცევის ახალი წესების გამო ედავებოდნენ, რის შესახებაც ინფორმაცია ფეისბუქით გაავრცელა. რამდენიმე დღის შემდეგ კი დაუკონკრეტეს, რომ არა ახალი წესების, არამედ ხელშეკრულებაში ჩაწერილი ერთ-ერთ პუნქტის დარღევევას ედავებიან.

თეონა თურმანიძეს ახალმა ხელმძღვანელობამ ეთერში გასვლა და რეპორტიორობის უფლება 21 აპრილს შეუწყვიტა. დირექციას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის გამოხატვამ ტელევიზიის იმიჯი დააზიანა.

თურმანიძე და რეხვიაშვილი იმ ჟურნალისტებს შორის არიან, ვინც ახალი დირექტორის დანიშვნას აქტიურად აპროტესტებდნენ.

ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, აჭარის ტელევიზიაში სიტუაცია იძაბება. თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნიათ.

კერძოდ, კოხრეიძემ უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია. 19 თებერვალს კი გაუუქმა თანამდებობა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს. 28 თებერვალს მან სამსახურიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი.

4 მარტს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი აბაზაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. ჟურნალისტების განცხადებით, მისი შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალე იყო. მათი თქმით, დირექტორს, აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა ზარგინავას ან ირინა ყურუას კანდიდატურას სთავაზობდნენ, თუმცა მათი პოზიცია ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა.

6 მარტს დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს. დირექტორის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანი საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე "ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია".

13 მარტს კი ბაკურიძე დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა და მიზეზად შინაგანაწესის უხეში დარღვევა დაასახელა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და აპირებს ამ თემაზე დავა გააგრძელოს. სასამართლოში თეონა ბაკურიძის და აჭარის ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების უფლებებს EMC დაიცავს. ბაკურიძე ამჟამად TV პირველის ჟურნალისტია.

ამავე თემაზე: