აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწის მართვის სამსახურის უფროსთან ერთად, დაკავებულია კიდევ ორი პირი. მათ შორის ერთი ექსპერტია, რომელიც ყალბი დასკვნის გაცემის ბრალდებითაა დაკავებული.

უწყების ინფორმაციით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსმა, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრია, მოქალაქეს ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში, მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობების საკუთრების უფლებით აღიარების სანაცვლოდ, ერთი პირის დახმარებით ქრთამის სახით 4 000 აშშ დოლარი გამოართვა.

მათივე ცნობით, ექსპერტმა,1 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 2002-2006 წლებში აშენების თაობაზე, ყალბი ექსპერტიზის დასკვნა დაამზადა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის აღებაში დახმარებისა და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემაზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.