სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ მათ მიერ შესწავლილ ზოგ სკოლაში ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში იყო. კომიტეტზე გამოსვლისას ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე კერძო და საჯარო სკოლა შეისწავლეს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რამდენიმე სკოლაში (როგორც საჯარო, ასევე კერძო) ვიდეოსათვალთვალო კამერების ხედვის არეალში არ ხვდებოდა საპირფარეშო ოთახში განთავსებული კაბინების შიდა პერიმეტრი, არამედ მხოლოდ საპირფარეშო ოთახის ხელსაბანი და დერეფანი. როგორც ინსპექტორი წერს, ეს ტერიტორია სკოლებს არ მიაჩნდათ ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცედ და, ამდენად, ვიდეომონიტორინგს დარღვევად არ თვლიდნენ:

"ვინაიდან კანონი ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცეში გამონაკლისის სახითაც არ უშვებს მონაცემთა დამუშავებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა სკოლის არგუმენტაცია, რომ საპირფარეშოებში ვიდეოკამერების განთავსება მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და თამბაქოს მოხმარების კონტროლს ემსახურებოდა.

ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილი განსაკუთრებული პირადი სივრცეა. ის არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ საპირფარეშო კაბინების უშუალოდ შიდა პერიმეტრით. საპირფარეშო ოთახი მთლიანად - ხელსაბანების ადგილი, დერეფანი თუ კაბინის შიდა პერიმეტრი - მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ჰიგიენური მიზნებისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, თავისუფლად ისარგებლოს აღნიშნული სივრცეებით, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სივრცეებში მონაცემთა სუბიექტის მონიტორინგი ნებისმიერი მიზნით გაუმართლებლად ჩაითვალა".

ინსპექტორი აცხადებს, რომ ზოგ შემთხვევაში არ იყო დაცული კამერების მიერ დაფიქსირებული არასრულწლოვნების გამოსახულების ჩანაწერების შენახვის წესები:

"სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ამ მონაცემების არაკანონიერი საფუძვლით გადაცემა დაფიქსირდა პოლიციისთვის".

ლონდა თოლორაიას თქმითვე, სკოლებში მონიტორინგისას აღმოაჩინეს, რომ ბავშვების მონაცემები გროვდება იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე ეს კანონით ან კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული. მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა ბავშვების დოკუმენტები ისეთ ადგილზეა, რომელზეც ხელი მიუწვდება არამხოლოდ უფლებამოსილ, არამედ სხვა პირებსაც სკოლის ადმინისტრაციისგან, რაც "საფრთხის შემცველია".

"ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ასეულობით მოსწავლის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი პირადი საქმე ინახებოდა ღია ფორმით, სკოლის საქმისმწარმოებლის სამუშაო ადგილას (სადაც ხელი მიუწვდებოდათ სხვა პირებსაც). ეს ქმნიდა აღნიშნული მონაცემების უკანონო/შემთხვევითი დამუშავების რისკს", — წერია ინსპექტორის ანგარიშში.

ინსპექტორის ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 1 კერძო და 6 საჯარო სკოლას (რამდენიმე მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის).