თბილისის მერიის ცნობით, 15 მარშრუტს დღეიდან დამატებითი ავტობუსები მოემსახურება. ტრანსპორტის მუშაობა 29 მაისს, 17 დღის წინ აღდგა.

უწყების ცნობით, 30 ერთეული ავტობუსი: #6, #11, #17, #19, #20, #24, #32, #33, #34, #60, #62, #72, #84, #86 და #101 მარშრუტებს დაემატება. მერიამ ეს გადაწყვეტილება პიკის საათში მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო მიიღო.

"საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ, მგზავრთნაკადების მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობდა, როგორც მეტროს, ასევე, ავტობუსების მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა 15 მარშრუტი, სადაც პიკის საათებში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება. მგზავრთნაკადებზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ის ღონისძიება გატარდება, რომელიც მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს", — წერია მერიის განცხადებაში.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელია. ამასთან, 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ამ წესს დაარღვევს, 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი — 500 ლარით. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.

როგორც პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პირბადეების ტარების შესახებ კანონს გამოიყენებენ მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესს გაწერს.