ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ, როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიშები ინტერნეტში, თუმცა სიფრთხილე და დაცულობა არავირტუალურ სამყაროშიც საჭიროა. თქვენს ფინანსებს აუცილებლად ყურადღებით უნდა მოეპყროთ და მუდმივად აკონტროლოთ.

ხშირია, როდესაც ადამიანები პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებს არ ითვალისწინებენ და შედეგად მარტივ, მაგრამ დიდ შეცდომებს უშვებენ.

მაგალითად, არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები საბანკო ბარათის პინკოდს ბარათზევე აწერენ, რათა არ დაავიწყდეთ. ამ საქციელით ისინი საკუთარ ფინანსურ უსაფრთხოებას უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ბარათი დაკარგეთ, დროულად ვერ აღმოაჩინეთ და ის ვინმე არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა იპოვა. თქვენი თანხა შეიძლება უკვალოდ გაქრეს. ბარათი და პინკოდი ამისთვის სავსებით საკმარისია.

იმისთვის, რომ უფრო დაცულად იგრძნოთ თავი, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

1. პლასტიკური ბარათით გადახდისას, მოითხოვეთ ტერმინალი თქვენთან მოიტანონ

ფოტო: Shutterstock

მაღაზიებსა და სავაჭრო ობიექტებში პოსტერმინალები სალაროსთანაა, თუმცა შეიძლება თქვენი ბარათი და არჩეული ნივთები კონსულტანტმა თან წაიღოს და სწრაფად მომსახურების მიზნით, წინასწარ გაამზადოს ყველაფერი. თქვენ ლოდინის ნაცვლად მხოლოდ პინის შეყვანა დაგჭირდებათ, რაც შეიძლება კომფორტულად გეჩვენოთ.

რამდენად თავაზიანიცაა ეს შემოთავაზება, იმდენადვე სარისკოა. საქმე ისაა, რომ როგორც ონლაინ ფიშინგით ხდება თქვენი ბარათის მონაცემების კოპირება და მოპარვა, იგივე რამ არავირტუალურ სივრცეშიც შეიძლება მოხდეს. ამისთვის მხოლოდ თქვენი ბარათისთვის ფოტოს გადაღება ან დატანილი ინფორმაციის ხელით ამოწერაა საჭირო.

ოდესმე გაატანდით მიმტანს მთელ თქვენს ხელფასს და ეტყოდით, აიღე რამდენიც საჭიროა და დანარჩენი დამიბრუნეო?

არასოდეს ანდოთ თქვენი ბარათი უცნობ ადამიანს.

ჩათვალეთ, რომ პლასტიკური ბარათი ნაღდი ფულია. ოდესმე გაატანდით მიმტანს მთელ თქვენს ხელფასს და ეტყოდით, აიღე რამდენიც საჭიროა და დანარჩენი დამიბრუნეო? ცხადია, არა. ბარათის წაღების შემთხვევაში იგივე ხდება. მეტიც, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ უცხო პირს მხოლოდ არსებულ კი არა, პოტენციურ შემოსავალსაც ანდობთ.

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით რესტორნებსა და კაფეებში ანგარიშსწორებისას: მოსთხოვეთ მომსახურე პერსონალს ტერმინალი, გადაიხადეთ მისი თანდასწრებით და იყავით მშვიდად.

კიდევ ერთი რჩევა: გადახდისთანავე შეამოწმეთ თანხის სისწორე ქვითარზე ან SMS-ში, რომელიც ბანკისგან ყოველი ტრანზაქციის შემდეგ მოგდით (ან უნდა მოგდიოდეთ).

2. გაუფრთხილდით თქვენი ბარათის პინკოდს

ფოტო: Shutterstock

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბარათის პინკოდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააწეროთ თავად ბარათს ან თუნდაც ფურცლის ნაგლეჯს, რომელსაც საფულეში შეინახავთ. თუ გეშინიათ, რომ პინკოდი დაგავიწყდებათ, უბრალოდ შეცვალეთ იგი უფრო მარტივად დასამახსოვრებელი კომბინაციით. ამის გაკეთება ბარათის აღებისთანავე შეგიძლიათ უახლოეს ბანკომატთან.

პინკოდის დამახსოვრება მნიშვნელოვანია, რადგან თუ პინი რამდენჯერმე შეგეშლებათ, ბარათს დროებით დაემშვიდობებით. ეს უსაფრთხოების მექანიზმია: სისტემა თვლის, რომ ბარათი მოპარულია და ვიღაც მისი კოდის გამოცნობას ცდილობს.

3. დაკვირვებით ისარგებლეთ ბანკომატებით

ფოტო: Shutterstock

ბანკომატების მეშვეობით ბარათის ინფორმაციის მოპარვა საკმაოდ ხშირად ხდება, თუმცა რამდენიმე მარტივი წესის გათვალისწინებით, თქვენ ეს ნაკლებად დაგემუქრებათ.

პირველ რიგში დააკვირდით, ხომ არ არის კლავიატურაზე ან ბარათის შესადებ ჭრილზე დამაგრებული რამე დამატებითი მოწყობილობა. ბოროტმოქმედები ხანდახან სპეციალურ წამკითხველს ამონტაჟებენ, რომელიც თითქოს ბანკომატის კორპუსის ნაწილია, სინამდვილეში კი ბარათის მონაცემებს იმახსოვრებს. ასე რომ, თუ ბანკომატს რამე უცნაურ “წანაზარდს” შეამჩნევთ, აჯობებს, არ გარისკოთ ბარათის მოთავსება.

თუ ბანკომატს უცნაურ “წანაზარდს” შეამჩნევთ, აჯობებს, არ გარისკოთ ბარათის მოთავსება

პინის შეყვანამდე დარწმუნდით, რომ თქვენ უკან მდგომი ადამიანები კლავიატურასა და ეკრანს ვერ ხედავენ. ეს შეიძლება უმნიშვნელო ფაქტორად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ მათ თქვენი ბარათი ხელში ჩაიგდეს, მთელი თანხის განაღდება შეეძლებათ. ბარათის ხელში ჩაგდებაც საკმაოდ რეალურია - შეიძლება სიჩქარეში ბარათი ბანკომატში დაგრჩეთ, ან იქვე დაგივარდეთ, ან შეუმჩნევლად ამოგაცალონ ჯიბიდან (ეს ხშირად ხდება საზღვარგარეთ, ტურისტულ ადგილებში).

გაითვალისწინეთ, რომ პლასტიკური ბარათის პინკოდზე მხოლოდ თქვენ მიგიწვდებათ ხელი, ბანკსაც კი არ აქვს ეს მონაცემი. ბარათის პინკოდი ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ინტერნეტბანკინგის ან სხვა ანგარიშების პაროლები.

ასევე გახსოვდეთ, რომ პინი მხოლოდ ბანკომატში ან ტერმინალშია საჭირო და ის მხოლოდ თქვენ, საკუთარი ხელით უნდა აკრიფოთ. ონლაინ შოპინგისას პინის შეყვანის აუცილებლობა არ არსებობს. თუ ოთხნიშნა რიცხვის განდობა ტელეფონით ან ინტერნეტით გთხოვეს, თუნდაც თქვენივე ბანკის სახელით, იცოდეთ, რომ თაღლითობასთან გაქვთ საქმე.

4. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მოგზაურობისას

ფოტო: Shutterstock

საზღვარგარეთ მოგზაურობისას უმჯობესი იქნება, თუ თქვენს თანხებს რამდენიმე ბარათზე გადაანაწილებთ. ასეთ შემთხვევაში თუ ერთ ბარათს დაკარგავთ ან დაგებლოკებათ, ხელთ მეორე გექნებათ და ფულის გარეშე არ დარჩებით.

აქვე იმასაც გირჩევთ, რომ ერთი ასეთი ბარათი, რომელზეც “შავი დღის” თანხა გექნებათ გადადებული, სასტუმროში ან იმ ბინაში დატოვოთ, სადაც ცხოვრობთ. ყველაფერი ხდება: შეიძლება ქურდობის მხვერპლი გახდეთ (ბოროტმოქმედები ხშირად ნადირობენ ტურისტებზე, რადგან იციან, რომ მათ დიდი თანხა აქვთ თან) ან სულაც საფულე დაკარგოთ. თუ ბარათის სახლში დატოვება არ გსურთ, მაშინ უფრო დაცულ ჯიბეში ან ჩანთაში მოათავსეთ.

მოერიდეთ ტურისტულ ცენტრებში მოთავსებულ “უცნაურ” ან “უსახელო” ბანკომატებს

ისევე, როგორც საქართველოში, უცხოეთში ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები. დარეკეთ თქვენს ბანკში ან თავად დაბლოკეთ ინტერნეტ ან მობაილბანკიდან ბარათი.

მოგზაურობის დროს მოერიდეთ ნაღდი ფულის გამოტანას. აჯობებს, ქეში საქართველოდან წაიღოთ და სადაც ამის საშუალება არის, პირდაპირ ბარათით გადაიხადოთ. გარდა იმისა, რომ უცხოეთის ბანკომატებიდან თანხის განაღდებისას საკმაოდ მაღალი საკომისიო გერიცხებათ, ზემოთ აღწერილი თაღლითური შემთხვევებიც ხშირია (ბანკომატებზე დამონტაჟებული წამკითხველები, რომელთა ამოცნობა საზღვარგარეთ უფრო გაგიჭირდებათ ბანკომატის შედარებით განსხვავებული ვიზუალის გამო).

თუ ნაღდი ფული მაინც დაგჭირდათ, ისარგებლეთ მხოლოდ ბანკების ფილიალებში არსებული ბანკომატებით. მოერიდეთ ტურისტულ ცენტრებში მოთავსებულ “უცნაურ” ან “უსახელო” ბანკომატებს.

5. დაიცავით პლასტიკური ბარათები

ფოტო: Shutterstock

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული რომ იყოთ უსაფრთხოებაში, გირჩევთ ბარათის დაცვის სერვისით ისარგებლოთ. თუ მაინც მოხდა ისე, რომ თქვენი ბარათის მონაცემები სხვა ადამიანმა ჩაიგდო ხელთ და თანხა გამოიყენა კიდეც, თქვენ დაკარგული თანხა აგინაზღაურდებათ.

საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათის დაცვის მომსახურება წელიწადში სულ რაღაც 4 ლარი ღირს. სამაგიეროდ, თქვენი თანხები მესამე პირის მიერ არალეგალურად გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად დაგიბრუნდებათ. პირობები ამ მოსახურების შესახებ ბანკის ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ.

აღნიშნული სერვისი მოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთ. ამიტომ ბარათის დაცვით თქვენ ყველა რისკს აირიდებთ თავიდან.

გახსოვდეთ, რომ თქვენი პლასტიკური ბარათი საბანკო ანგარიშების მთავარი “გასაღებია” და მას სიფრთხილით მოპყრობა სჭირდება. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და დაიცავით თქვენი ფინანსური კეთილდღეობა.