იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიასთან, Astrazeneca-სთან ხელშეკრულება გააფორმეს, რათა 2020 წლის ბოლოდან კორონავირუსის ვაქცინით მომარაგდნენ. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრი, რობერტო სპერანცა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

იტალიელი მინისტრის ცნობით, კონტრაქტით გათვალისწინებულია პოტენციური ვაქცინის 400 მილიონი დოზა, რომელზეც ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები მუშაობენ. ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდის ფაზა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

"დღევანდელი შეთანხმებით, იტალიამ და ევროპამ დამაიმედებელი ნაბიჯი გადადგეს წინ. ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია კორონავირუსთან ბრძოლაში", — ამბობს რობერტო სპერანცა.

ოქსფორდის მეცნიერთა კვლევის საფუძველზე შემუშავებულ ვაქცინას ფარმაცევტული კომპანია, AstraZeneca აწარმოებს. ამ მიზნით მან ხელშეკრულება გააფორმა ეპიდემიური მზადყოფნის კოალიციასათან, CEPI, და გლობალურ ჯანდაცვით ალიანსთან, Gavi. ამ ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას Bill and Melinda Gates Foundation-ის გარდა WHO-ც უჭერს მხარს. ვაქცინის მასობრივი წარმოება მისი ეფექტიანობის დამტკიცებამდე დაიწყება.

BBC-ის თანახმად, პოტენციური ვაქცინის 300 მილიონი დოზა აშშ-სთვის, ხოლო 100 მილიონი დოზა გაერთიანებული სამეფოსთვისაა განკუთვნილი. თუკი კლინიკური კვლევები მის ეფექტიანობას დაამტკიცებს, პირველი დოზები უკვე სექტემბრისთვის შეიძლება იყოს მზად.