ტელეწამყვანები ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი TV პირველს ტოვებენ. ამის შესახებ მათ პირდაპირ ეთერში განაცხადეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანაია და ჟიჟილაშვილი არხს ტოვებდნენ მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. თუმცა არც არხს და არც ტელეწამყვანებს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

ტელეწამყვანებთან ერთად არხს ტოვებენ გადაცემა პოლიტმეტრის პროდიუსერი გიორგი დარჩაშვილი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ხატია შამანაური, წამყვანი-ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე, წამყვანი და ჟურნალისტი სოფო მაისურაძე, პროდიუსერი მიხო კოტეტიშვილი.

"შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის. ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით მთელი ხუთი წელი [...] თანამშრომლობის რესურსი, როგორც ჩანს, ამოწურულია. კერძო არხს აქვს უფლება, ბუნებრივია, ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ. ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება", — განაცხადა ვახო სანაიამ.

როგორც ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა, არხიდან პოლიტმეტრის გუნდის წასვლის მიზეზი არხის განვითარების პროცესია და მათი ხედვები არხის მენეჯმენტის ხედვებს აღარ ემთხვევა.

"ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. TV პირველში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები. არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩართული ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც, სამწუხაროდ, უკვე აღარ გამოგვდის. მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით TV პირველზე ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით", — აღნიშნა ჟიჟილაშვილმა.

ნინო ჟიჟილაშვილი თებერვლის ბოლოს საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა, თუმცა თითქმის ორთვიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა. როგორც ტელეკომპანიის მაშინდელმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ On.ge-ს განუმარტა, საკადრო ცვლილება არჩევნების მოახლოებასა და ახალ ტოკ-შოუებს უკავშირდებოდა. ამასთან, თვითონ ტელეწამყვანმა განმარტა, რომ საინფორმაციო სამსახურის განვითარების მისი და არხის ხელმძღვანელების ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვა.

ჟიჟილაშვილის პოსტიდან წასვლა დროში დაემთხვა TV პირველში ნოდარ მელაძის გადასვლას. ნოდარ მელაძემ მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა აპრილში დატოვა. ის TV პირველზე მთავარი პროდიუსერი გახდა და ყოველკვირეულად საავტორო გადაცემასაც წაიყვანს. მელაძესთან ერთად TV პირველში მთავარი არხის რამდენიმე ჟურნალისტიც გადავიდა.