ერთ-ერთი მაროკოული ტელევიზია საკუთარ გადაცემაში ძალადობის მსხვერპლ ქალებს ასწავლის, თუ როგორ შეუძლიათ მაკიაჟის დახმარებით ნაცემი ადგილები შენიღბონ.

"ეს ძალიან მტკივნეული და სევდიანი თემაა, თუმცა ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა დაფაროთ ნაცემი და ჩალურჯებული სახე, რადგან ჩვენ არ გვყოფნის გამბედაობა, ხმამაღლა განვიხილოთ ძალადობის თემა" - ღიმილით თქვა გადაცემაში მაკიაჟის სპეციალისტმა.

ფოტო: 2M TV

გადაცემას გამოეხმაურნენ მაროკოელი უფლებადამცველები. მათი თქმით, მსგავსი სანახაობა ძალადობის ნორმალიზებას ემსახურება და ამისთვის გადაცემას მკაცრი სანქცია უნდა დაუწესდეს.

"როგორც მაროკოელი ქალები და ფემინისტი აქტივისტები, ჩვენ ყველა მაროკოელის სახელით მოვითხოვთ, გატარდეს მკაცრი სანქციები არხისა და გადაცემის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ორი დღის შემდეგ გამოეხმაურა არხი, რომელმაც ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ გადაცემით დაირღვა ტელევიზიის 27-წლიანი პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.