ქართული ოცნების დეპუტატი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სკოლებში სამხედრო გაკვეთილები სავალდებულო უნდა იყოს, სადაც ბავშვები რუკას და იარაღთან სწორ მოპყრობას ისწვალიან. პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს ქანთარიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჯარის პროპაგანდაზე უნდა იზრუნოს.

"ძალიან კარგია, რომ თქვენ სკოლებში შეხვედით და სამხედრო გაკვეთილები ჩვენს თაობას ახსოვს, რომ გვქონდა ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არა ნებაყოფლობით, არამედ სავალდებულო, თუნდაც პირველი სამი თვე და მერე, თუ უნდა, ბავშვი გამოვიდეს, მაგრამ თავიდან იყოს ეს სავალდებულო და დაინახოს ინტერესი. მე მგონი, თუ საინტერესო იქნება ეს აუცილებლად დარჩება, მეორე მხრივ ეს ვეტერანებს შეუწყობს ხელს, რომ ისინი დასაქმდნენ და შევიდნენ სკოლებში. ბავშვმა ისწავლოს რუკა, იარაღთან სწორი მოპყრობა და არა ის, რომ გაიზრდება ჩაიგდებს ხელში და მერე რამდენი მსხვერპლი ხდება", — განაცხადა ქანთარიამ.

დღეს პარლამენტში მინისტრი საათის ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება. ღარიბაშვილის გამოსვლას არ ესწრება პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ ბავშვებში "პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასთან" დაკავშირებით იფიქროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებში მოტივაცია ამაღლდეს.

ამასთან, ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, დიმიტრი მხეიძემ განაცხადა, რომ ბავშვები ჯარისკაცებად ბაღიდან და სკოლიდანვე უნდა აღიზარდონ.

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სკოლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები უნდა ისწავლებოდეს.