საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქალებს "აქვთ პრეტენზია", რომ არავითარი "განსხვავება არ უნდა იყოს" და ეს ასეც არის, თუმცა ჯარში წასვლაზე მეტად უნდა იაქტიურონ.

ამის შესახებ მან პარლამენტში, დეპუტატების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ქალებისთვის ჯარში წასვლა არ არის სავალდებულო, ეს არის ნებაყოფლობითი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვინაიდან ქალებს აქვთ პრეტენზია და ასეც არის ეს, რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს მათ შორის [..] როგორიც არის ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც ქალებმა უფრო მეტად უნდა იაქტიურონ და მეტი სურვილი გამოთქვან ჯარში წასვლასთან დაკავშირებით", — თქვა მან.

ამასთან, ღარიბაშვილმა მოიყვანა სტატისტიკაც და აღნიშნა, რომ თავდაცვის სისტემის სამოქალაქო ნაწილში 51% "მანდილოსანია" და ქალების მხრიდან ინტერესი მზარდია.

"თავდაცვის სამინისტრო ლიდერია გენდერის საკითხებში მიღწეული პროგრესით. კერძოდ, ჩვენს სისტემაში 8%-ს წარმოადგენენ ქალები, სამოქალაქო ნაწილში არის 51% მანდილოსანი, ხოლო მისიებში 2.7% არიან წარმოდგენილი ქალბატონები. სულ ახლახანს, 25 მანდილოსანი ჩაეწერა BCT-ს საწყის საბრძოლო მომზადების კურსზე, რომელიც სულ ახლახანს დავიწყეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ინტერესი ქალების მხრიდან არის მზარდი და ჩვენ ამ მიმართულებას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ", — თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ თანასწორობისთვის მებრძოლი ქალების მოწინააღმდეგეები ხშირად სწორედ ჯარში ქალების ნაკლებობაზე აპელირებენ.