თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სკოლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები უნდა ისწავლებოდეს. როგორც მან პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, 1 102 სკოლაში პროექტი ჩვენი ჯარი საპილოტე ფორმატში უკვე დაწყებულია და ამ პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებენ.

"ჩვენ, ზოგადად, მიგვაჩნია, რომ თავდაცვა და უსაფრთხოების საკითხები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს. 2020-2021 წლებში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროგრამას. ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, შეიძლება არ იყოს სავალდებულო, მაგრამ იყოს ნებაყოფლობითი სკოლის ბავშვებისთვის. ბავშვს თავიდანვე უნდა ჩავუდოთ ეს... ეს არის ეროვნული იდეოლოგიის საკითხები. ეს არ არის ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა და ფუნქცია, არამედ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვნახოთ კონსენსუსი და ჩამოვაყალიბოთ უფრო საერთო, ეროვნული მასშტაბის იდეოლოგია, რომელიც მოიცავს, მათ შორის, ჯარის შესახებ ინფორმაციის, ცოდნის გადაცემას ბავშვებისთვის თუ ჯანსაღ საწყისებზე ბავშვების აღძრას", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღეს პარლამენტში მინისტრი საათის ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება. ღარიბაშვილის გამოსვლას არ ესწრება პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ ბავშვებში "პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასთან" დაკავშირებით იფიქროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებში მოტივაცია ამაღლდეს.

ამასთან, ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, დიმიტრი მხეიძემ განაცხადა, რომ ბავშვები ჯარისკაცებად ბაღიდან და სკოლიდანვე უნდა აღიზარდონ.