მაჰარაშტრას რეგიონის დასავლეთ ნაწილში მდებარე მეტეორიტულ კრატერში წარმოშბილმა ტბამ ერთ ღამეში ფერი იცვალა და ვარდისფერი გახდა. ექსპერტები ამ მოვლენას მარილიანობის ცვლილებასთან და წყალში წყალმცენარეების არსებობასთან აკავშირებენ.

ლონარის ტბა 50 ათასი წლის წინ, მეტეორიტის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოყალიბდა. იგი მუმბაისგან 500 კილომეტრითაა დაშორებული და ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

ნიდერლანდელი არქეოლოგის, დოქტორ მარკო ლანგბროკის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ კოლაჟში მარცხენა ფოტო სატელიტით გასულ წელსაა გადაღებული, მარჯვენა კი — მიმდინარე წლის 11 ივნისს.

ტბის ფოტოების გავრცელების შემდეგ, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ლონარის ტბას ფერი აქამდეც შეუცვლია, მაგრამ ტრანსფორმაცია ასეთი მასშტაბური არასდროს ყოფილა.

"წყლის დონის დაწევის გამო ტბაში მარილიანობის შემცველობა გაიზარდა, ხოლო წყალმცენარეების ჭარბი ზრდის გამო ის უფრო თბილი გახდა", — განაცხადა გეოლოგმა, გაჯანან ხარატმა, — "ეს წყალმცენარეები თბილი ტემპერატურის დროს მოწითალო ფერს იღებენ, ტბაც სწორედ ამიტომ გახდა ვარდისფერი".

ფოტო: Santosh Jadha

თუმცა ზუსტი მიზეზების დასადგენად რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა წყლის ნიმუშები შეაგროვეს და ამჟამად მათი კვლევა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენას კარანტინსაც უკავშირებენ.

"კარანტინის პერიოდში ადამიანების აქტივობა შემცირებული იყო, ამას კი, შესაძლოა, ტბის ფერის შეცვლის პროცესი დაეჩქარებინა", — განაცხადა მაჰარაშტრას უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორმა, მადან სურიავაშმა, — "თუმცა ზუსტი მიზეზი მხოლოდ მაშინ გვეცოდინება, როდესაც ანალიზის პასუხები გვექნება".