ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი "ქლესა" მინისტრი ჯარისთვის შეურაცხმყოფელია. ამ თემაზე მან კომენტარი TV პირველის ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ღარიბაშვილის "ლანძვღა" მისთვის კომპლიმენტია.

"მე საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა ველაპარაკოთ ადამიანს, რომელიც არის ჯარის სირცხვილი. ყველაზე უვარგისი ქლესა, შეურაცხყოფაა ჯარისთვის ქლესა ბუნების ადამიანი. თავდაცვის მინისტრი არ შეიძლება იყოს ისეთი ქლესა, როგორიც ეს სუბიექტია", — თქვა გიგი უგულავამ ღარიბაშვილის პასუხად.

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დღეს, 12 მაისს მინისტრის საათის ფარგლებშია მისული. მან თქვა, რომ ოპოზიციის შეკითხვებს არ უპასუხებს, რადგან მათ პოლიტიკოსებად არ აღიქვამს.

"ისინი არიან დამნაშავეები, ეს არის ჩემი პოზიცია და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე ამ ადამიანების მიმართ არავითარი პოლიტიკური სიმპათია და ვალდებულება არ მაქვს, რომ მათ პასუხი გავცე ნებისმიერ კითხვაზე", — განაცხადა ღარიბაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში პარლამენტში პირველად წარდგება. მოსმენას ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმის გამო არ ესწრებიან.