როგორც უკვე ვიცით, კორონავირუსის პანდემიის გამო ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ევროვიზია წელს გაუქმდა, თუმცა სანაცვლოდ ნეტფლიქსი გამოუშვებს ახალ კომედიურ ფილმს, რომლის სიუჟეტიც სწორედ ამ ცნობილი კონკურსის ირგვლივ ვითარდება.

ფილმში მთავარ როლებს უილ ფერელი და რეიჩელ მაკადამსი ასრულებენ და ისინი ისლანდიელ მუსიკოსებს ასახიერებენ, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე დიდ მუსიკალურ კონკურსზე გამარჯვება და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა სურთ.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ტრეილერი გვპირდება, რომ ფილმი Eurovision იმაზე სახალისო და საინტერესო სანახავი იქნება, ვიდრე, როგორც წესი, რეალური ევროვიზიის კონკურსია ხოლმე:

ტრეილერიდან ვიგებთ, რომ მთავარი გმირები ლარსი და სიგრიდი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობდნენ ევროვიზიაში მოხვედრაზე და ამ მიზნის მისაღწევად შექმნეს ჯგუფი Fire Saga, რომელსაც ყველა არასერიოზულად აღიქვამს, მაგრამ ევროვიზია ხომ ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზების ადგილია? ჰოდა, ისლანდიელ წყვილსაც მიეცემა დაბრკოლებებით სავსე გზის გავლის შემდეგ ათასობით მაყურებლის წინაშე სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობა.

"ისინი მძულს. წარმოუდგენლად საშინელი ჯგუფია. ამაზრზენი მოხუცები არიან. მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს" — ასე მოხვდა Fire Saga ევროვიზიის კონკურსში.

აღსანიშნავია, რომ ფილმის შემქმნელები ყველა დეტალს სერიოზულად მოეკიდნენ და როგორც ევროვიზიის კონკურსისთვისაა დამახასიათებელი, ამ ჯგუფის საკონკურსო სიმღერის ვიდეოც წინასწარ გაავრცელეს.

უილ ფერელთან და რეიჩელ მაკადამსთან ერთად ფილმში მონაწილეობენ პირს ბროსნანი, დენ სტივენსი და დემი ლოვატო. ფილმის რეჟისორი დევიდ დობკინია, რომელიც აქამდე ძირითადად ცნობილი მომღერლების ვიდეოკლიპებს იღებდა და ასევე რეჟიოსორია ფილმებისა Wedding Crashers (2005) და The Judge (2014).

Eurovision Song Contest: The Story of Fire Saga-ს პრემიერა ნეტფლიქსზე 26 ივნისს შედგება.