ახლახან მკვლევართა რამდენიმე გუნდმა პაციენტების ორგანიზმში ნანობოტების იმ მიზნით შეყვანის იდეა წამოაყენა, რომ მათ საჭირო მედიკამენტები მთელი სხეულის გარშემო გადაიტანონ. თუმცა ერთმა გუნდმა ამ პრობლემის გადაჭრის ბევრად მარტივი გზა დასახა, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტების გადატანა სისხლში უკვე არსებულ უჯრედებს დაევალებათ.

კალიფრონიის, სან-დიეგოს და პეკინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტების მეცნიერებმა თრომბოციტების რედაქტირების ისეთ მეთოდს მიაკვლიეს, რომელიც ამ უჯრედებს მთელ სხეულში დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს მისცემს. თრომბოციტები თხელი, ბრტყელი უჯრედებია, რომლებიც სისხლის კოლტებს წარმოქმნიან და სისხლდენისგან გვიცავენ.

რადგან თრომბოციტებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში ისეთი ნაერთების გადატანა შეუძლიათ, როგორიც სეროტონინი და ეპინეფრინია, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ისინი მედიკამენტების ტრანსპორტირებასაც შეძლებენ.

ჩვეულებრივ პირობებში, თრომბოციტები ნაკადს მიჰყვებიან. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოძრაობაში მოყვანა და სისხლის ნაკადზე არიან დამოკიდებულები. იმისთვის, რომ თრომბოციტები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, მკვლევრებმა ისინი ფერმენტ ურეაზათი დაფარეს.

კვლევის მიხედვით, ამ რეაქციის წყალობით თრომბოციტებს საკუთარი თავის მოძრაობაში მოყვანა უჯრედის ან თავიანთი ტვირთის დაზიანების გარეშე შეეძლებათ.

მედიკამენტების მთელი სხეულისთვის მიწოდების მსგავსი სისტემა ნანობოტების ან ჰიბრიდული უჯრედების სისტემაზე უსაფრთხოა, რადგან ეს უჯრედები ორგანიზმისთვის უკვე ნაცნობია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლევრებს ჯერჯერობით არ გამოუცდიათ, შეუძლიათ თუ არა ამ რედაქტირებულ თრომბოციტებს მედიკამენტების დანიშნულების ადგილამდე მიტანა.

კვლევა 10 ივნისს ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნდა.