მთავრობის გადაწყვეტილებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს. დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში გამკაცრდება.

"შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არათუ არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი, არამედ პირიქით, საჭიროა შესაბამისი უწყებებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედმიწევნით დაიცვან ყველა მითითება, რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის დაცვისა და კოვიდ-19-ის მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ.

ამასთანავე, მთავრობის თქმით, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

საქართველოში დადასტურებული შემთხვევები დღეს, 12 ივნისს 6-ით გაიზარდა და 837 გახდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 697 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 13. კარანტინის რეჟიმში 3 213 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 303.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: