ვიდეოკონფერენციების გამართვაზე ორიენტირებული პლატფორმა, Zoom, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის პირობებში გახდა, აღიარებს, რომ ჩინეთის მთავრობის მოთხოვნით ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების ანგარიშები დაბლოკა.

Zoom-ს ხუთშაბათს იმ სამი აქტივისტის ანგარიშის გაუქმებაში დასდეს ბრალი, რომელიც "ტიანანმენის მოედნის სასაკლაოს" 31-ე წლისთავთან დაკავშირებით და ჰონგ-კონგში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსახილველად ვირტუალურ შეხვედრებს აწყობდა. დაბლოკილი ანგარიშის არც ერთ მფლობელს Zoom-ისგან ახსნა-განმარტება არ მიუღია.

თუმცა კომპანიამ საკუთარ ბლოგზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას მაისსა და ივნისის დასაწყისში ჩინეთის მთავრობა იმ ვიდეოშეხვედრების შესახებ დაუკავშირდა, რომლებიც "ტიანანმენის მოედნის სასაკლაოს" მოსაგონებლად იმართებოდა.

"ჩინეთის მთავრობამ შეგვატყობინა, რომ ეს ქმედება ქვეყანაში უკანონოდ ითვლება და მოგვთხოვა, შეხვედრები აგვეკრძალა, მათი ორგანიზატორების ანგარიშები კი გაგვეუქმებინა", — ვიგებთ განცხადებიდან, — "ჩვენ ჩინეთის მთავრობისთვის არ მიგვიწოდებია არანაირი ინფორმაცია მომხმარებლებზე ან შეხვედრების შინაარსზე. ჩვენ პლატფორმაზე არ არსებობს ისეთი ფუნქცია, რომელიც შეხვედრაზე სხვებისგან უჩინრად დასწრების შესაძლებლობას იძლევა".

აღსანიშნავია, რომ თავად პლატფორმა ჩინეთში დაბლოკილი არაა და მთავრობას არ აუხსნია, რომელი კანონი დაირღვა მაშინ, როცა შეხვედრები კონტინენტური ჩინეთის მიწაზე მცხოვრებ მომხმარებლებს არ გაუმართავთ.

Zoom-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ერიკ იუანი

ფოტო: Reuters / Carlo Allegri

Zoom აღნიშნავს, რომ შეხვედრებში მონაწილეთა დაბლოკვა ქვეყნების მიხედვით არ შეუძლია, ამიტომ მათ სამი შეხვედრა მთლიანად აკრძალეს და თითოეული მათგანის მასპინძელი ანგარიშები დროებით დაბლოკეს ან გააუქმეს. მათივე თქმით, ერთი შეხვედრის თაობაზე დამატებითი ზომები არ მიუღიათ, რადგან მეტამონაცემების მიხედვით, მასში კონტინენტურ ჩინეთში მყოფი არცერთი ადამიანი არ მონაწილეობდა. თუმცა დანარჩენ ორს "კონტინენტური ჩინეთიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანი ესწრებოდა".

გაურკვევლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ დაბლოკილი ანგარიშები აშშ-სა და ჰონგ-კონგში მყოფ ადამიანებს ეკუთვნოდათ. აშშ-ში მხცოვრებ ჩინელ აქტივისტს, ჩჟოუ ფენგსუოს Zoom-ის ანგარიში ტიანანმენის ტრაგედიის მოსაგონრად მოწყობილი შეხვედრის გამართვიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაებლოკა. ხოლო ჰონგ-კონგში მცხოვრები აქტივისტის, ლი ჩეუკ-იანის ანგარიშს იგივე ბედი იქამდე ეწია, სანამ დაგეგმილ შეხვედრას უმასპინძლებდა ექსტრადიციის კანონის შესახებ, რომელიც გასულ წელს ქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტების გამომწვევი გახდა.

მესამე დაბლოკილი ანგარიშის მფლობელი, უონგ დანი აცხადებს, რომ Zoom-ის განცხადება კომპანიას პასუხისმგებლობისგან არ ათავისულფლებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით შეილახა აშშ-ს, ანუ იმ ქვეყნის მოქალაქეების "უფლებები და ინტერესები", სადაც თავად კომპანიაა დაფუძნებული.

Zoom-ის განაცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ის აღარ გაითვალისწინებს ოფიციალური პეკინის იმ მოთხოვნებს, რომლებიც კონტინენტურ ჩინეთში არმცხოვრები ადამიანების ანგარიშებს შეეხება. თუმცა, ის მუშაობს ისეთი გზის შემუშავებაზე, რომელიც ჩინეთის შიგნით მყოფი ადამიანების ანგარიშების დაბლოკვას შეაძლებინებს. ეს ახალი გზა "დაგვეხმარება, მხოლოდ მაშინ დავემორჩილოთ ადგილობრივ ხელისუფალთა მოთხოვნებს, როცა მათ საზღვრებს შიგნით დაფიქსირდება უკანანონოდ მიჩნეული ქმედება. თუმცა ჩვენ ასევე იმ დიალოგების დაცვა შეგვეძლება, რომელთა მონაწილეებიც ქმედების ამკრძალავ ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს ის მთავრობები, რომლებიც თავიანთ ხალხს დანარჩენ სამყაროსა და ერთმანეთთან კონტაქტის შესაზღუდად ბარიერებს უშენებენ, აღიარებენ, რომ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგაც მოქმედებენ და თავიანთი მოქალაქეების და მთლიანი კაცობრიობის უფლებებსაც ლახავენ", — წერია განცხადებაში.

კომპანია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამივე ანგარიში აღადგინა და მომავალში მსგავს სიტუაციებთან გასამკლავებლად ახალ პროცესს შეიმუშავებს.