ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს შეუსრულებელი რეფორმების გრძელი სია აქვს და სურთ, ამ საკითხზე ითანამშრომლონ მთავრობასთან და გაუგზავნონ საჭირო დახმარება. ამის შესახებ ევროკომისარმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციისას საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვის პასუხად განაცხადა.

"ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტები არ შეცვლილა. ჩვენ ადგილზე რეფორმების განხორციელება გვსურს, დემოკრატიული რეფორმების. თუ საქართველო დაინტერესებულია. [...] თუკი საქართველო უფრო სწრაფად განახორციელებს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) შესრულებას, ჩვენ ასევე მზად ვართ დახმარებისთვის. როგორც ვთქვი, ყველა შესაძლებლობაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მეტად ჩაერთონ და ჩვენც ჩავერთვებით მათთან ერთად", — ამბობს ვარჰეი.