თუ გართობა, თან რაღაცების სწავლა და ბონუსად ფლეისთეიშენის მოგება გინდა, Davita.Official-ის ახალი კონკურსი სწორედ შენთვისაა!

კონკურსი 5 ივნისს დაიწყო და მისი დასრულების თარიღი 3 ივლისია. 3 ივლისს, 23 საათსა და 59 წუთზე თამაშის ლიდერბორდში პირველ ადგილზე მყოფი მიიღებს ფლეისთეიშენ ოთხს!

თამაშის წესები ძალიან მარტივია, დავითა დადის ქუჩებში და ხვდება ინფორმაციები, მოთამაშე კი უნდა დაეხმაროს მას გაარჩიოს ტყუილი სიმართლისგან. თუ დავითა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს მოთამაშე ქულებით დასაჩუქრდება, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი დავითას თავში ჩაიყრება ფეიკები ვარდისფერი კუბების სახით და პერსონაჟის მოძრაობის ტემპი შენელდება. თუმცა თუ შემდეგ რამდენიმე კითხვას სწორად უპასუხებთ, კუბების რაოდენობა შემცირდება და საბოლოოდ სრულად გაქრება. მოთამაშის მიზანია რაც შეიძლება დიდი დისტანცია გაიაროს ისე, რომ დავითა არ წაიქცეს თავში ჩაყრილი კუბებისგან და დააგროვოს რაც შეიძლება მეტი ქულა.

ფოტო: დემოკრატიის ლაბორატორია

დავითა ამერიკის საელჩოსა და დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ ერთობლივად შექმნილი პროექტია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის. მთავარი გმირი 17 წლის დიდთავა ბიჭია, რომელსაც აქვს ფეისბუქ ფეიჯი სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ მისი თამაში, თუმცა თამაშის გარდა აქ უამრავ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, მიმებს, პოსტერებს და სტატიებს გადააწყდებით.

ფოტო: დემოკრატიის ლაბორატორია

გვერდზე განთავსებული კონტენტის უმეტესობა გასართობის გარდა საინფორმაციო ხასიათსაც ატარებს. დიდთავა ბიჭი მომხმარებლებს ეხმარება ფეიკ ნიუსების იდენტიფიცირების გზების პოვნასა და კონკრეტული ამბების ავთენტურობის დადგენაში, რადგან თანამედროვე სამყაროში უამრავი ინფორმაციის მომწოდებელი და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციაა. ადამიანებს ხშირად დროც კი არ რჩებათ ამა თუ იმ ნიუსის გადასამოწმებლად და ძალაუნებურად იჯერებენ. დავითამ თავის არც ისე პატარა თავზე, იტვირთა მისია, რომ ადამიანებს სიყალბესთან ბრძოლაში დაეხმაროს, თუ ისეთი ამბავი შეხვდება რასაც მხოლოდ მიმით ან პოსტერით ვერ გადმოსცემს, არც ამ დროს იხევს უკან, ატარებს სამოყვარულო კვლევებს, წერს სტატიებს და თავი მასაც საჭირო ინფორმაციებით ევსება.

თამაშითაც უამრავი ახალი და საინტერესო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, შეიძლება ისეთ რამეებსაც შეხვდეთ რისიც გჯერათ და სინამდვილეში ტყუილია ან პირიქით. თამაში ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვისაა გათვლილი, ის უამრავ საჭირო ინფორმაციას მოგაწოდებთ და თან თუ ცოტა თავსაც გაანძრევთ - პრიზი თქვენია!