ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კოლაძე აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორების, ამ შემთხვევაში აშშ-ს აზრი მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე კარგად ქართველი ხალხი აფასებს. ამ ფორმით გამოეხმაურა ის აშშ-ის რესპუბლიკელ კონგრესმენების მიერ ხელმოწერილი ანგარიშს, რომელშიც ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ და რუსული პროპაგანდის გამტარად არის მოხსენიებული.

"ჩვენთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის შემფასებელი ყველაზე კარგად არის ის ხალხი, ის ქართველი ხალხი, ბრენი ხალხი, რომელიც მას ყოველ წელს არჩევნებზე 2012 წლის შემდეგ ხმას აძლევს", — განაცხადა მან.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა,რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, "ოლიგარქი" ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პროპაგანდის ნაწილია.

"რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მის დეზინფორმაციული კამპანიაში ჩართულ ლიდერებზეც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფს შემოთავაზებული ჰქონდა ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე, რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

მაგალითად, ახალი უფლებამოსილების პირობებში სანქციები დაწესდებოდა ვლადიმერ იევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე. გარდა ამისა, არსებული სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.

ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ. [...]

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში კრემლის კონტენტთან დაკავშირებულ ოლიგარქებზე, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რათა კონგრესმა განსაზღვროს სამომავლო სანქციები, ეს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა", — წერია ანგარიში.

წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთის გავლენის სრული აღქმა დაეხმარება კონგრესს, აღმოფხვრას ხარვეზები, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს მავნე გავლენა იქონიოს. კონგრესმენების აზრით, უნდა განიხილონ რუსეთის გავლენა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მაგალითად ენერგიის მოპოვება, მილსადენები თუ სხვა.

წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკაც და მოკავშირეებიც უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ფინანსურ სანქციებს რუსეთის სამხედრო აგრესიის პასუხად. მათი თქმით, ასეთმა სანქციებმა შესაძლებელია, რუსეთის აგრესია შეაჩეროს და გააუმჯობესოს შტატებისა და მისი მოკავშირეების მდგომარეობა და ასეთი სანქციები უნდა გამოიყენონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს შემთხვევაში.