სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის "ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა" მიხედვით, საქართველოში ერთ-ერთ მთავარი გამოწვევად პოლიტიკაში ქალების ჩართულობა რჩება.

ანგარიშის თანახმად, 2015 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლით 145 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა.

პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემების მიხედვით, საქართველო 2015 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, 150 ქვეყანას შორის 111-ე ადგილზეა. ხოლო, ხელმძღვანელ პოზიციებზე მონაწილეობის მაჩვენებლით საქართველო 145 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა.

სახალხო დამცველი მიერ შესწავლილი შედეგების მიხედვით, ქალები აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დასაქმებულების უმეტესობას წარმოადგენენ, თუმცა მათი რაოდენობა ხელმძღვანელ პოზიციებზე ძალიან დაბალია.

ანგარიშში პარლამენტში კვოტების მექანიზმის შემუშავებაზეც არის საუბარი. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ საკმაოდ მაღალია პარლამენტის წევრთა რიცხვი, რომლებიც არ იზიარებენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს, რომლის მიხედვით, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, მიიღოს დროებითი სპეციალური ზომები მათ შორის რეგლამენტირებული კვოტები.

უჩა ნანუაშვილის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მათ რეკომენდაციას კვოტირებასთან დაკავშირებულ ინიციატივას, თუმცა იგი წელსაც გაიმეორეს:

"კვოტირების შესახებ რეკომენდაცია ადრეც გვქონდა და ახლაც ვიმეორებთ: სახალხო დამცველი მხარს უჭერდა ქალთა მოძრაობის ინიციატივას 50/50-ზე. პარლამენტმა ამ რეკომენდაციას მხარი არ დაუჭირა და მე იმედი მაქვს, ახლა მაინც გაითვალისწინებენ".

გენდერული კვოტების ინიციატივა გულისხმობს კანდიდატთა სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომდგენლის.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენელმა, ბაია პატარაიამ, სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ გენდერული დისბალანსი შემაშფოთებლად იკვეთება ყველა სფეროში:

"გარკვეული მიმართულებით, სადაც სახელმწიფომ დაიწყო მუშაობა ჩვენ ვხედავთ დინამიკასა და სტატისტიკის ცვლილებას, რაც კარგია, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ამ კუთხით ვერც საკანონმდებლო სიახლეებს ვხედავთ და ვერც პოლიტიკის ცვლილებას".

ომბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაცია 13 მაისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.