დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, არ შეექმნათ ილუზია, რომ საქართველოში კორონავირუსი დამარცხებულია. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ნუ შეგვექმნება და ნუ შევქმნით ილუზიას ქვეყანაში, რომ ჩვენ კოვიდი უკვე დავამარცხეთ, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ჩვენ ის არ დაგვიმარცხებია, ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და ის სად და როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიდოში, ეს არავინ არ იცის", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, აუცილებელია შემსუბუქებასა და რეკომენდაციების დაცვას შორის დავიცვათ ბალანსი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთაგან 1 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 1 სამედიცინო პერსონალია. 4-ის წყარო კი უცნობია.

სულ შემთხვევები 828-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 694 გახდა. გარდაცვლილია 13 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 230 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 285.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: