საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში არანაირი სანქციები არ იქნება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას 13 კონგრესმენის ანგარიშის შესახებ, სადაც ისინი წერენ, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, ასევე, მიუთითებენ, რომ სანქციები რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიაში ჩართულ ლიდერებზეც უნდა გავრცელდეს.

"მე მინდა დაგამშვიდოთ, შეიძლება არ ვიცი, დაგამწუხროთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება და არანაირი სანქციები არ იქნება მასთან მიმართებაში", — უთხრა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.

ამასთან, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ კონგრესმენების ანგარიში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პროპაგანდის ნაწილად და ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირედაა მოხსენიებული, პოლიტიკური ძალის მქონე დოკუმენტი არ არის. მისი თქმით, ანგარიშის ხელისმომწერი კონგრესემენების ნაწილი პირიქით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა განხილული და საუბარია იმ სანქციებზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ კონგრესმა უნდა დააწესოს. კონგრესმენები ითხოვენ სანქციები რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიაში ჩართულ ლიდერებზეც გავრცელდეს, ასეთ ლიდერებს შორის კი ბიძინა ივანიშვილსაც ასახალებენ.