რამდენიმე დღის წინ ციმბირის ელექტროსადგურის რეზერვუარის ჩამონგრევის შედეგად დაღვრილმა დიზელმა იმ ტბის მტკნარ წყლებამდე მიაღწია, რომელსაც გასავალი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში აქვს. ამას ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია.

კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორმა, ალექსანდრე უსმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ჩაღვრილი საწვავი მყინვარული წარმოშობის ტბა პიასინომდე მივიდა.

"ეს ულამაზესი ტბა სადღაც 70 კილომეტრის სიგრძისაა", — აღნიშნა უსმა, — "ბუნებრივია, რომ მასში თევზებიც არიან და ბიოსფეროც მრავალფეროვანია. მაგრამ ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ მძიმე კრიზისის შედეგების პროგნოზირება".

მისი განმარტებით, ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ საწვავმა პიასინას მდინარემდე არ მიაღწიოს, რადგან ის კარის ზღვაში ჩაედინება, რომელიც, თავის მხრივ, ოკეანეს უერთდება.

ფოტო: AFP

ინციდენტი ციმბირის ქალაქ ნორილსკთან არსებულ სადგურზე 29 მაისს მოხდა. იქ დიზელმა მაშინ გაჟონა, როცა საწვავის რეზერვუარის საყრდენი ბოძები ჩამოინგრა, რაც, სავარაუდოდ, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის პირობებში მრავალწლოვანი მზრალობის ლღვობამ გამოიწვია. შედეგად, ამბარნაიას მდინარეში, რომელიც პიასინოს ტბაში ჩაედინება, დაახლოებით 20 ათასი ტონა წითლად შეღებილი დიზელი ჩაიღვარა. ინციდეტმა ვლადიმერ პუტინი აიძულა, რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. ასობით მუშა კი დაბინძურების შესაკავებლად გააგზავნეს.

ინციდენტზე პასუხისმგებელი კომპანია, Norilsk Nickel, კრასნოიარსკის მხარის ოფიციალურ პირთა განცხადებებს უარყოფს. გასულ კვირას მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაბინძურების პროცესი შეკავებულია და რომ ტბიდან აღებული სინჯები "დაბინძურების 0.0 პროცენტს ანახებს". ამ მტკიცების საპირისპიროდ, კრასნოიარსკის ხელისუფლება აცხადებს, რომ მაღალდაბინძურებული წყლის უბეები დაბინძურებული ტერიტორიის გამომყოფი ტივტივების მიღმაც არსებობს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის, Greenpeace-ის რუსული დანაყოფი Norilsk Nickel-ს "ინციდენტზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილების" მცდელობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის თქმით, კომპანია ინციდენტის მიზეზად გლობალურ დათბობას თავის გასამართლებლად იყენებს და ურთავს, რომ "შეუძლებელია, კომპანიას არ სცოდნოდა არსებული რისკების შესახებ [იგულისხმება მზრალობის დნობა], ამიტომ ის ვალდებული იყო, ეტარებინა ნიადაგის ზედმიწევნითი მონიტორინგი და ამ გზით აეცილებინა თავიდან საშიში ინფრასტრუქტურის ნგრევა".

მდინარის გასაწმენდად ჩაღვრილ დიზელს სპეციალურ ავზებში ასხამენ.

ფოტო: Getty Images

"დროულად რომ შეგეცვალათ საწვავის ავზები, არც გარემოს მიადგებოდა ზარალი და არც ამხელა ფინანსების დახარჯვა გახდებოდა საჭირო", — ამ სიტყვებით მიმართა პუტინმა Norilsk Nickel-ის პრეზიდენტს, ვლადიმერ პოტანინს გასულ კვირას. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დაბინძურების გაწმენდას "მილიარდობით რუბლი" დასჭირდება. ერთი მილიარდი რუსული რუბლი ამჟამინდელი კურსით, დაახლოებით, $14.5 მილიონია.

Deutsche Welle-ის ცნობით, რუსმა გამომძიებლებმა Norilsk-ის ელექტროსადგურის დირექტორს, ვიაჩესლავ სტაროსინს გარემოს დასაცავად შემუშავებული წესების უგულებელყოფაში დასდეს ბრალი. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში სტაროსინს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე: