რაჭული ლორი და გურჯაანის ატამი გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდება. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის მწარმოებელთა გაძლიერებას, მათ გაერთიანებას, ასოციაციად ჩამოყალიბებასა და თავად პროდუქტის პოპულარიზაციას.

აღნიშნული ორი პროდუქტის სპეციფიკაციები დაამუშავეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning) პროექტის ფარგლებში. Twinning-ის პროექტი მე-2 წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას.

9 ივნისს გაიმართა პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა და კვარტლის ანგარიშის განხილვა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს იმ აქტივობებზე, რომელთა განხორციელება დასრულდა სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

საქპატენტის ინფორმაციით, გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით. გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან.